პოლიტიკიდან არ მიდის, უფრო მეტიც 20-წლიანი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გეგმავს. გიგა ბოკერიას სურს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მოსახლეობის პრობლემები გაახმოვანოს. მას სახელისუფლებო კანდიდატებიდან ირაკლი ხახუბია დაუპირისპირდება.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მაჟორიტარულ ფლანგზე ძალებს ზუგდიდში მოსინჯავს და ამჯერად ზუგდიდის მოსახლეობის გულის მოგებას შეეცდება. იქ, სადაც მისი შეფასებით, პოლიტიკური ტემპერატურა ყოველ არჩევნებზე მაღალია და სადაც ყველაზე მძიმე ბრძოლა ელის. ის ერთადერთი იყო "ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ვინც სიტყვის გამოსვლის დროს სახელისუფლებო კონკურენტის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მისი მთავარი მეტოქე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია.
"ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, "ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში ბრძოლის საკუთარი გზა აირჩია და საზოგადოებას მაჟორიტარობის 14 კანდიდატი წარუდგინა, თბილისში კი ორი - ელენე ხოშტარია და შალვა შავგულიძე. პარტიამ ფსონი პოლიტიკაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ძველ სახეებზე დადო, თუმცა მაჟორიტარულ ფლანგზე გამოჩდნენ ისეთები, ვინც მაჟორიტარობა პირველად გადაწყვიტა, მაგალითად - ხათუნა გოგორიშვილი და ირმა ნადირაშვილი. კანდიდატია მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძეც, ხულოში მისი მეტოქე სახელისუფლებო პარტიიდან ანზორ ბოლქვაძე იქნება.
კიდევ ერთი ახალი სახე ექიმი ვახტანგ კალოიანია. მიუხედავად იმისა, რომ გენდერულ კვოტებს არ ემხრობიან, მაჟორიტარობის 14 კანდიდატიდან 4 ქალია, მათ შორის ლელა ქებურია, რომელიც წინა ჯერზე ზუგდიდი მერობის კანდიდატი იყო და ამჯერად კენჭს აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს ოლქში იყრის.
ოფიციალურად დასახელების შემდეგ გარკვეულ რეგიონებში ამ დროისთვის სრულად დასახელებული კანდიატების ასეთი სურათია:
1.ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი: "ევროპული საქართველო" - ზურაბ ჭიაბერაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა" - გიორგი ბოტკოველი, "ქართული ოცნება"- ირაკლი ქადაგიშვილი
2.გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო: "ევროპული საქართველო"- გიორგი ღვინიაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა" - ლევან ბეჟაშვილი, "ქართული ოცნება" - დავით სონღულაშვილი
3. რუსთავი: "ევროპულის საქართველო" - ირმა ნადირაშვილი, ,"ნაციონალური მოძრაობა"- დავით კირკიტაძე, "ქართული ოცნება"- ნინო ლაცაბიძე
4. ქუთაისი: "ევროპული საქართველო" - ოთარ კახიძე, "ნაციონალური მოძრაობა"- გრიგოლ ვაშაძე, "ქართული ოცნება"- ზაზა ლომინაძე, "ლელო" - ანა ნაცვლიშვილი
5. ხულო-შუახევი-ქედა: "ევროპული საქართველო"- ტარიელ ნაკაიძე (სავარაუდოდ, მას ოპოზიცია კანდიდატს არ დაუყენებს), "ქართული ოცნება" - ანზორ ბოლქვაძე.
შეთავაზების მიუხუდავად, რომ რეგიონებშიც მაჟორიტარული კოორდინაცია ყოფილიყო - იყო უარი "ნაციონალური მოძრაობისგან", რომელიც 22-ვე ოლქში ხელისუფლებასთან დამოუკიდებელ კონკურენციას აპირებს.
"ლელოს" პოზიცია უცვლელია, 30 ოლქისთვის დამოუკიდებლად ბრძოლას გეგმავს, თუმცა პარტიაში კომპრომისსაც არ გამორიცხავენ. შესაძლოა ელენე ხოშტარიას ვაკეში და ნიკა მელიას გლდანში კანდიდატები არ დაუყენონ, ქუთაისში კი ამ პარტიიდან ანა ნაცვლიშვილმა იყაროს კენჭი.
ოპონენტების გულწრფელობასა და შანსებში ეჭვი ეპარებათ "ქართული ოცნების" ლიდერებს, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია დროებით ფორმალურ ერთობას ქმნის და მათი მთავარი მოტივაცია არა მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვა, არამედ რევანში და ხელისუფლებაში დაბრუნების წყურვილია.
გარკვეულ რეგიონებში კანდიდატების სრული სურათი ცნობილია, უახლოეს დღეებში წარდგენებს სხვა ოპოზიციური პარტიებიც გეგმავენ.