17 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
2019 წელს პარლამენტის საქმიანობა დაძაბული და აქტიური პოლიტიკური მოვლენებით იყო გაჯერებული - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ახალი ანგარიში

გავრილოვის ვიზიტი, ნოემბრის მოვლენები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესი და მინისტრების ანგარიშვალდებულება - არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც პარლამენტის 2019 წლის საქმიანობას ეხება, სხვა საკითხებთან ერთად ეს თემებიც მოხვდა. ნეგატიურ მოვლენებთან ერთად დოკუმენტში პოზიტიურ მიღწევებზეც არის საუბარი. მათ შორის არის ახალი რეგლამენტი, რომელმაც მესამე სექტორის შეფასებით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე დადებითი გავლენა მოახდინა. საუბარია კონტროლის ახალ მექანიზმებზე, მათ შორის ინტერპელაციასა და მინისტრთა საათის ფორმატზეც.

მინისტრების ანაგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე - ანგარიშის თანახმად ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. კვლევის სტატისტიკით 2019 წელს სხვადასხვა თანამდებობის პირი საკანონმდებლო ორგანოში 46-ჯერ დაიბარეს, თუმცა 21 შემთხვევაში პასუხისმგებელმა პირებმა საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობაზე უარი არასაპატიო მიზეზით თქვეს.

პარლამენტში 21 დეპუტატია, ვისაც მთელი წლის განმავლობაში საპარლამენტო ტრიბუნა არც ერთხელ არ გამოუყენებია, 21 პარლამენტარიდან უმრავლესობა მმართველი პარტიის, ნაწილი კი ოპოზიციის წევრია. ე.წ. მდუმარე დეპუტატების გარდა, ანგარიშში მოხვდნენ ისეთებიც, ვინც სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენაში არიან შემჩნეული.

ანგარიშის ავტორებმა გასული წლის განმავლობაში პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრებიც დაასახელეს. მათ შორის მოხვდნენ ანრი ოხანაშვილი, როგორც აქტიური დეპუტატი; რატი იონათამიშვილი, რომელსაც შარშან ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა აქვს წარდგენილი; ეკა ბესელია, რომელიც სხდომებში აქტიურად მონაწილეობს და სერგი კაპანაძე - ყველაზე მეტი სადეპუტატო შეკითხვის ავტორი.

პარლამენტის თავმჯდომარისთვის ანგარიშში გამოწვევების საკითხია საინტერესო. არჩილ თალაკვაძის თქმით, დეპუტატების საქმიანობა მათი გამოსვლების რაოდენობით არ უნდა ფასდებოდეს, რაც შეეხება ანგარიშვალდებულებას, საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის თვლის, რომ დღეს პარლამენტს მთავრობის ზედამხედველობის კუთხით გაცილებით მაღალი უპირატესობა აქვს, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო.

პარლამენტის პოლიტიკური და კანონშემოქმედებითი საქმიანობა გამჭვირვალობამ გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდით შეაფასა. არასამთავრობო ორგანიზაცია მსგავს ანგარიშებს ყოველწლიურად აქვეყნებს.

დღის ამბები