საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელ მისიას შეხვდა.
მისია საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტით იმყოფება. მხარეებმა შეხვედრისას საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.
"მისია ვიზიტით იმყოფება საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ქართული მხარის მოწვევის საფუძველზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში ქართული მხარის მიერ მიღებულ ცვლილებებს, რაც იქნება გარანტი საქართველოში კიდევ უფრო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისთვის. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საარჩევნო სისტემაში განხორციელებულ, ისტორიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რითაც საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება საპარლამენტო პლურალიზმი.
აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემფასებელი მისია ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის სხვადასხვა უწყების მაღალი დონის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასრულების შემდეგ მისიის მიერ მომზადდება ანგარიში," - ნათქვამი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.