17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
უპატრონოდ მიტოვებული ოჯახების დახმარება და ხელის გამართვა არ მგონია მოსყიდვა იყოს - რომან გოცირიძე ISFEDI-ის ანგარიშზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" კვლევის შედეგებს და გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვასა და პოლიტიკური ნიშნით სავარაუდოდ სამსახურიდან გათავისუფლებას ეხება, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ იზიარებს.

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ რისკებზე პოლიტიკოსების უმრავლესობა ამბობს, რომ ქველმოქმედებას საარჩევნო კამპანიასთან საერთო არაფერი აქვს.

"ფაქტს, რომ თითქოს რომელიღაც ოჯახში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დახმარება შეიტანა, ასეთი ორი კი არა, ოცდაათი შემთხვევა მაინც იქნებოდა. ეს სტატისტიკა არ არის სწორი. ჩვენი პარტიის ლიდერები ისეთ ოჯახებში მიდიოდნენ, რომლებიც უპატრონოდ იყო მიტოვებული, საარსებო საშუალება არ ჰქონდათ. ხან მედიკამენტები მიგვქონდა, ხან – სურსათი. ნეტავ, ფული და რესურსი გვქონოდა, რომ მეტ ადამიანს დავხმარებოდით. მარტოხელა ადამიანები, მოხუცები, მიტოვებული იყვნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ. არ მგონია, რომ ასეთი ადამიანებისთვის ხელის გამართვა მოსყიდვა ყოფილიყო," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ. 

"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე კი აცხადებს, რომ მათი მხრიდან მოსყიდვის ფაქტი არ ყოფილა, რადგან მოხუცებს მხოლოდ ტკბილეული გადასცეს, რაც მისი თქმით უბრალოდ ადამიანების დახმარებაა.

"გლდანის მოხუცთა თავშესაფარში, "ლელომ" ჩაატარა მხოლოდ გამწვანების აქცია და ხანდაზმულ ადამიანებს ტკბილეული გადასცა. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", უკვე მორიგი არჩევნებია, როდესაც ერთმნიშვნელოვანი მოსყიდვის ფაქტები იკვეთება,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ხელისუფლებას და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს კიდევ ერთი შუალედური ანგარიში წარადგინა. კვლევაში 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი განიხილეს, ასევე ის მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო.

ანგარიშში ასევე საუბარია პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის ფაქტებზე და მცდელობაზე, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ეკლესია ჩაერიოს.

 

 

 

 

დღის ამბები