ISFEDI-ის ახალ ანგარიშზე, რომელიც ხელისუფლებასა და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ამოცანა არა მოსყიდვა, არამედ მსგავსი ფაქტების აღმოფხვრაა.
"ხელისუფლების ამოცანაა და ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ყველას მხრიდან არსებულ შესაძლო დარღვევას წინასაარჩევნოდ, აუცილებელად მოჰყვება ჩვენი მხრიდან რეაგირება,"- აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ხელისუფლებას და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს კიდევ ერთი შუალედური ანგარიში წარადგინა. კვლევაში 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი განიხილეს,ასევე ის მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო.
ანგარიშში ასევე, საუბარია პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის ფაქტებზე და მცდელობაზე, რომ ეკლესია ჩაერიოს წინასაარჩევნო კამპანიაში.