პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებაში ხელს ის 1%-იანი ბარიერი უშლის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დააწესა. როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ეს მცირე ბარიერი ცალკეულ პარტიებს უქმნის მოლოდინს, რომ პარლამენტში წარმომადგენელი ყველა ვარიანტში ეყოლებათ, თუმცა, მისივე მოსაზრებით, "ქართულ ოცნებას" ცალკეული პარტიები კონკურენციას ვერ გაუწევენ.
"ამ 1%-მა ბარიერმა, პრაქტიკულად, დაქსაქსა პოლიტიკური ველი. 1%-იანი ბარიერი, ვფიქრობ, რომ არის ბიძინა ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნებისთვის" მომგებიანი. წარმოვიდგინოთ, რომ 3%-იანი ბარიერი რომ იყოს, რა მოხდებოდა - პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებს შორის მოხდებოდა ავტომატური კონსოლიდაცია, რადგან არავის ექნებოდა, განსაკუთრებით პარტიის პირველ პირებს, იმის თავდაჯერება, რომ 1-2 კაცი მაინც ყველა ვარიანტში მოვხვდებით პარლამენტში. შესაბამისად, უფრო თამამად დაადგნენ ამ გზას, ვიდრე გაერთიანების გზას და ვიდრე კონსოლიდირებულად მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის გზას. ვფიქრობ, დღეს დაკვეთა არის სწორედ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, იმ ძალების მიერ, რომელთან წითელი ხაზები აქვთ გავლებული "ქართულ ოცნებასთან", "ნაციონალურ მოძრაობასთან", "ევროპულ საქართველოსა" და პრორუსულ ძალებთან. დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს, ვფიქრობ, დღემდეა ამის შანსი, უნდა შესწევდეთ კეთილგონიერება იმისი, რომ ისინი გაერთიანდნენ. ამ შედარებით ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანება არის საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც არ უნდა არც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანავარსკვლავედი და არც "ქართული ოცნება" და მისი თანავარსკვლავედი,"-განაცხადა ლევან კობერიძემ.
კობერიძე "შედარებით ჯანსაღ" პოლიტიკურ ძალებად პარტია "ლელოს", ანა დოლიძეს, ალეკო ელისაშვილსა და თამარ ჩუგოშვილს მიიჩნევს. მისივე თქმით, მისი მიზანი ამ პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია იყო, რომლის განხორციელებასაც ხელი გარეშე ძალამ შეუშალა. კობერიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა მათ გაერთიანებაში ხელს სწორედ "ქართული ოცნება" უშლიდეს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, არც ეს პოლიტიკური ძალები თავიანთი პარტიების პრეზენტაციებს დაასრულებენ, მათ შეკავშირებაზე საუბარი გაგრძელდება და კონსესუსამდე მივლენ.
"მოლაპარაკების ჩაშლის ინტერესი აქვს "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას". უფრო, ჩემი აზრით, "ქართული ოცნება", რადგან ყველაზე დიდი თავის ტკივილი, რაც კი შეიძლება "ქართულ ოცნებას" დღეს რაიმე პოლიტიკურმა აქტივობამ მოუტანოს, ეს არ არის ცალკეული პარტიების აქტივობა,"-განაცხადა ლევან კობერიძემ.