17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის გარეშე დავაკომპლექტოთ მთავრობა - ირაკლი კობახიძე

"მადლობა ღმერთს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის გარეშე დავაკომპლექტოთ მთავრობა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ კოალიციის შექმნა რომელიმე პარტიასთან არ დასჭირდება.

"კოალიცია ჩვენ არ დაგვჭირდება. "ევროპული საქართველო" ზუსტად იგივეა, რაც "ნაციონალური მოძრაობა" - შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავუსვათ. ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის 12%-იანი "ნაცმოძრაობა", ხოლო "ევროპული საქართველო" - 3%-იანი "ნაცმოძრაობა", შინაარსობრივად მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ერთი მეორეს სჯობნის იმ ნეგატიური მხარეებით, რითაც ხასიათდება ზოგადად "ნაციონალური მოძრაობა".

სხვა პარტიებსაც რაც შეეხება, მათაც, არ ვიცი... დღეს ოპოზიციური სპექტრი, მთლიანობაში, არის ძალიან პრობლემური, თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ არის შესაძლებელი რომ "ლელოსთან", ან ალეკო ელისაშვილთან  კოალიცია შედგეს, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

"კი, მათთანაც გამოირიცხა. მათთანაც სხვადასხვა მიზეზის გამო იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი რაიმე ტიპის კოალიციის შექმნა და მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის გარეშე დავაკომპლექტოთ მთავრობა.

ნებისმიერი კოალიცია იქნებოდა ძალიან პრობლემური ამ ოპოზიციური სპექტრის პირობებში, რომელიც არის მთლიანად აგებული რაღაც მერკანტიულ და საკუთარ, სუბიექტურ ინტერესებზე," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები