"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა პარტიის ადგილობრივ ოფისში ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს შეხვდა. მან შეკრებილების შეკითხვებს უპასუხა და ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.
გიგი უგულავას თქმით, ზუგდიდში გამარჯვებისთვის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს. მისივე თქმით, კონკურენციისთვის მზადაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ზუგდიდში ოპოზიციის მთავარი კანდიდატია.
"მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ზუგდიდელებმა, ისევე, როგორც სამეგრელომ და მთელმა საქართველომ, უნდა დაიბრუნონ ქვეყანა რუსი ოლიგარქისგან, რომელმაც მიიტაცა ქვეყანა, მისი ინსტიტუტები. ზუგდიდში უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერების ასპარეზი. ჩვენ უნდა ავიღოთ პირველი დარტყმა იმიტომ, რომ ივანიშვილი ყველა სიბინძურეზე წავა. მე მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. ზუგდიდელებს ყელში აქვთ ამოსული განსაკუთრებით ის, რაც შევარდნაძის ეპოქიდან დაბრუნდა - კონტრაბანდა და კრიმინალი და ის უძრაობა და ჭაობი, რაც ივანიშვილმა მოიტანა ზუგდიდსა და მთელს ქვეყანაში," - განაცხადა გიგი უგულავამ.
ზუგდიდში გიგი უგულავას კონკურენტი მმართველი გუნდიდან, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანია. საკუთარი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია "ნაციონალურ მოძრაობას."