შეერთებული შტატების "2021 წლის ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, სადაც საქართველოზეც არის საუბარი სენატს გადაეცა. წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში, საარჩევნო რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის გზაზე, გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით უნდა გაგრძელდეს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
დოკუმენტში განსაზღვრულია ის ვადები და წესებიც, რომლითაც შტატების სახელმწიფო მდივანმა, საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს. კერძოდ, კანონის მიღებიდან არა უგვიანეს 180 დღეში, მაიკ პომპეომ კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის შესახებ, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, საარჩევნო რეფორმის განხორციელების, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით.
დოკუმენტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი 21 ივლისს დაუჭირა.
გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს მოლოდინი აქვთ, რომ მაიკ პომპეოს ანგარიში საკმაოდ მწვავე და კრიტიკული იქნება.
"გუშინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა სწორედ ის კანონპროექტი, იმ შესწორებით, რომელზეც არის საუბარი სადაც კონგრესი სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტს წარადგინოს ანგარიში ქვეყანაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრობლემებთან დაკავშირებით. არასდროს, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიის მანძილზე თავდაცვის თანამშრომლობის აქტში არანაირი მსგავსი ჩანაწერი არასდროს არ გაკეთებულა, ეს კეთდება პირველად,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ამერიკისთვის საქართველო დემოკრატიული ქვეყანა აღარ არის.
"ამ დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს დავალება, რომ მოახდინოს ხოლმე ანგარიშგება წარმომადგენელთა პალატასთან და ამ ანგარიშზე იქნება მერე დამოკიდებული ის, თუ რა ტიპის დახმარებას და რამდენს მიიღებს ქვეყანა. ვითარება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში აღარ არის ნორმალური. მათთვის საქართველო იყო დემოკრატიის აკვანი. ეს ვითარება აღარ არის. ეს არის დათქმები, რომელიც ძალიან დიდი ხანია, ალბათ 17-18 წელია მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტებში,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეფასება გააკეთა პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.
"თქვენ გესმით რას ნიშნავს თავდაცვის მიმართულებით ამერიკის მხარდაჭერის არ არსებობა, როცა ოკუპირებული გვაქვს ამხელა ტერიტორიები?“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.