"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარექტორო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გაყალბებულია.
მათი სადამკვირვებლო ჯგუფის გამოძიებით მტკიცდება, რომ ამომრჩეველთაგან ყველას არ აქვს ხელი მოწერილი, ამიტომ პროცესუალური დარღვევების გამო დოკუმენტი უნდა გაბათილდეს.
"4 აგვისტოს ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. არჩევნების პროცესში იყო დაშვებული ძალიან სერიოზული ხარვეზი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას.
"პროგრესის ცენტრთან" ერთად, რომელიც ესწრებოდა ამ არჩევნებს, ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ ეს ოქმი თბილისის საქალაქო სასამართლოში," - ამბობს ანა დოლიძე.
არჩევნებში აკადემიური საბჭოს 37 წევრიდან 32-მა არჩევანი გიორგი შარვაშიძის სასარგებლოდ გააკეთა. რექტორის არჩევანში საბჭოს წევრს და თავად მოქმედ რექტორს მონაწილეობა არ მიუღია.
4 წლიანი მმართველობის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტი ისევ გიორგი შარვაშიძემ ჩაიბარა.