ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ანტიკრიზისული გეგმის გაკრიტიკებას ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებას აღნიშნული კომპენსაციების გასაცემად გარკვეული დრო სჭირდებოდა, რათა მოქალაქეებისთვის გააზრებული და რეალური პაკეტი შეეთავაზებინა. მაია ცქიტიშვილის თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, ვინ ზრუნავს მოქალაქეებზე და ვინ იყენებს ამ თემას საკუთარი ინტერესებისთვის.
"საჭირო იყო დროც, მათ შორის იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეფასებინა კომპენსაციის მომთხოვნთა რაოდენობა. ხანდახან შეიძლება ოპოზიციასთან შედარებით სახელმწიფოს ცოტა მეტი დრო სჭირდებოდეს იმისთვის, რომ გააზრებული და განხორციელებადი პაკეტი შესთავაზოს თავის მოქალაქეებს.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც სწორედ ამ პაკეტის არ გაცემის გამო აკრიტიკებდა მთავრობას ერთი-ორი თვის წინ. რა თქმა უნდა, ყველა ეს კომენტარი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ძალიან კარგად შევაფასოთ, თუ ვინ ზრუნავს მოქალაქეებზე და ვინ იყენებს საპარლამენტო ტრიბუნას თუ მედია კომენტარებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.