პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არაეფექტურია. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყანაში 850 ათასი თვითდასაქმებულიდან დახმარება მხოლოდ 160 ათასმა მიიღო.
"განვლილი დღეების განმავლობაში, ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის სოფლებში შევხვდი ხალხს და ვერ დავინახე არსებითი ეფექტი, მთავრობის მიერ უკვე გაცემული დახმარებების. ქვეყანაში 850 ათასი თვითდასაქმებულია და აქედან მხოლოდ 160 ათასს შეხვდა 300 ლარიანი დახმარება, რომელიც ძალიან დაგვიანებულად, მაისში გამოაცხადა მთავრობამ.
ეს დახმარებაც არაარსებითი და დაგვიანებულია. პრაქტიკულად, მთავრობა წავიდა არასწორი გზით. ვაცალოთ ხალხს, თუკი რაიმე დანაზოგი აქვთ, ან სახლიდან რამის გამოტანა და გაყიდვა შეუძლია, ყველაფერი ამოწუროს და ჩვენ არაფერი მოვიკლოთ.
21 მარტს, როგორც კი კარანტინი გამოცხადდა, "ევროპულმა საქართველომ" 23 მარტს მთავრობას კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა დავუდეთ და ვთქვით: ვინც სამსახურს დაკარგავს, ან შეუმცირდება ხელფასი, ამ შემცირებული ან დაკარგული თანხის 50 % მივცეთ უკვე 1 აპრილიდან.
მთავრობამ არჩია ფული მსხვილ ბიზნესზე გაუშვას. შეგახსენებთ, რომ მათ ვინც ბინას შეიძენს, იპოთეკური სესხის პროცენტს დავუფარავთო. ვის აქვს დღეს ბინის შეძენის თავი, როცა 40 % ჩვენი მოსახლეობის კომუნალურ გადასახადებს, როგორც კვლევები აჩვენებს, აღებული ვალით იხდის. 20-25 ლარისთვის ვალს იღებს და ჩვენი დიდი ზეწოლის შედეგად, კომუნალური დახმარება გამოაცხადა, მაგრამ აქაც აღრიცხვის პრობლემაა. ბევრს შეღავათი მიუვიდა ისეთს, რომელიც თვითონ შეწუხდა, რომ მე რატომ უნდა ვიღებდე, როცა უამრავ ადამიანს გაცილებით მეტი დახმარება სჭირდება,"-განაცხადა "დღის კურიერში" ზურაბ ჭიაბერაშვილმა.