საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ფაზის შესახებ საუბრობს. როგორც მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ძირითადი აქცენტები ახალგაზრდებსა და მათ დახმარებაზე გაკეთდა.
ეკონომიკის მინისტრი ოპონენტებსაც პასუხობს და ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბის დახმარებები წინა ხელისუფლების დროს არსებული კრიზისების პირობებში არ გაცემულა.
"ძირითადი აქცენტი ამ ფაზის არის ის, რომ ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს, ვეხმარებით ბავშვებს, სტუდენტებს, მათ განათლებაში ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ. ვეხმარებით ოჯახს ყველაზე უფრო მტკივნეული ხარჯის დაფარვაში - ეს არის კომუნალური გადასახადები. ელექტროენერგიისა და გაზის გადამხდელების ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან ობიექტური კრიტერიუმი და აქ არის საუბარი მილიონ ოჯახზე მეტზე, ვინც უკვე ისარგებლა ამ სამთვიანი შეღავათით და კიდევ ყველაზე მტკივნეული და ცივი 4 თვის განმავლობაში ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ამ სუბსიდირებას. ეს არის უნიკალური ნიშან-თვისება ამ ანტიკრიზისული გეგმის, არასოდეს წინა ხელისუფლებებს ამ კუთხით არაფერი გაუკეთებიათ.
როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ 200 ლარი უნდა დარიგდეს, 150 თუ 300, უნდა გაიხსენონ არც თუ ისე შორეული წარსული, როდესაც არც ერთი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ასეთი მასშტაბური დახმარება სწორედ ადამიანებს, ოჯახებს, სოციალურად დაუცველ კატეგორიას, თვითდასაქმებულებს არასოდეს არ მიუღიათ," - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, 200 ლარიანი დახმარება, რომელსაც 17 წლის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით ყველა ბავშვი მიიღებს, დაეხმარება მათ ახალ სასწავლო პროცესს ნორმალურ პირობებში დაუბრუნდნენ. ნათია თურნავას თქმითვე, დახმარების თანხების დიდი ნაწილი სტოპკოვ ფონდიდან გაიცემა.
"ძალიან დიდი თანხები სტოპკოვ ფონდიდან წავა 17 წლის ჩათვლით ბავშვების დასახმარებლად, 200 ლარიანი დახმარება, რაც მერწმუნეთ, თითოეული ოჯახისთვის არის საკმაოდ ღირებული იმის მოლოდინში, რომ იწყება ახლა სასწავლო წელი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში დაიწყოს ისევ სწავლა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლის მერხებს,“ - ამბობს ნათია თურნავა.