"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე ოპოზიციურ სპექტრში შემავალ პოლიტიკურ ძალებს მიმართავს და ამბობს, რომ გაუგებარია მათი მხრიდან "ნაციონალურ მოძრაობაზე" და მათ ლიდერზე თავდასხმები და ამავე დროს განცხადებები, რომ ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.
როგორც ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, ნათელია, რომ ამ პარტიებს ან ივანიშვილის ლიდერობით შექმნილ მთავრობაში მოუწევთ ყოფნა, ან მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და მათი ეს არჩევანი წინასწარვე ნათელი უნდა იყოს:
"ღრმადპატივცემულო კოლეგა ოპოზიციონერებო, ბოლო დროს გახშირდა ზოგიერთი თქვენთაგანის საკმაოდ უცნაური (მე ვიტყოდი არაადეკვატური) განცხადებები, მაგალითად: "მე ვიქნები პრემიერი", "მიშა ვერ გახდება პრემიერი", "მიშას პრემიერობას არ დავუჭერთ მხარს" და ასე შემდეგ, ღიად შეურაცხმყოფელებს აღარ ვიხსენებ.
მინდა გკითხოთ, თუ მთავარი და რეალისტურად (როგორც მინიმუმ), საგრძნობლად ყველაზე მეტი ხმის ამღებ პარტიასთან და მის ლიდერთან საერთო საპარლამენტო კოალიციას და მთავრობაში ყოფნას არ აპირებთ, აბა ოლიგარქის წინააღმდეგები ვართ და მისი დამარცხება გვინდაო, იტყუებით?
თუ იმას ამბობთ, რომ სამართლიანი, ლოგიკური და საღი აზრიდან გამომდინარე, პრაგმატული იქნება 2 ან 3 პროცენტის ამღები, ან გინდაც 15 პროცენტიანი (ღმერთმა მეტიც აგაღებინოთ, მეც ეს მინდა) პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერი?
და თქვენზე მინიმუმ ორჯერ, სამჯერ ან ზოგ შემთხვევაში ათჯერ მეტი ხალხის ხმების მქონე პარტიის ლიდერს, წინასწარ, საჯაროდ, უარს რომ ეუბნებით, მისი ლიდერობით კოალიციურ მთავრობაში ყოფნაზე ეს ნორმალურია?
არავინ გთხოვთ ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანებას, ან ჩვენთან ყველა თემაზე დათანხმებას, ცხადია მომავალი მთავრობა, დიდი ალბათობით, რეალურად კოალიციური შეიძლება იყოს და ასეთ შემთხვევაში, უკვე ხომ ნათელია, რომ ან ივანიშვილის ლიდერობით შექმნილ მთავრობაში მოგიწევთ ყოფნა, ან მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით.
ეგ ისეთივე რეალობაა, როგორც ქორწილის ღამეს პატარძლისა და სიძის სექსი და იქ რომ რომელიმემ პრანჭვა დაიწყოს ხო სისულელე იქნება?
ამიტომ როგორც კოლეგებსა და პოტენციურად (იმედი მაქვს) მომავალი საერთო კოალიციის მონაწილეებს, გთხოვთ, მოგიწოდებთ, დროულად ჩამოყალიბდეთ, რა გზას ირჩევთ და ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უთხრათ რა გინდათ და მართლა ივანიშვილის მშვიდობიანად, არჩევნების გზით მოცილება გინდათ თუ რაღაც სხვა?
თუ ოლიგარქის მოცილებას ირჩევთ, შეწყვიტეთ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე და მის დევნილ ლიდერზე კონტრპროდუქტიული თავდასხმები და მიხედეთ თქვენს საარჩევნო კამპანიას, სადაც ძალიან ბევრი საერთო ინტერესი და საქმე გვაქვს გასაკეთებელი,"- წერს გია ბარამიძე.