17 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
თითოეული ბავშვი ოჯახის ბიუჯეტს 200 ლარით შეავსებს - ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ძირითადი აქცენტები

ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ბავშვების დახმარებას მოხმარდება. თითოეული ბავშვი ოჯახის ბიუჯეტს 200 ლარით შეავსებს. დახმარება ერთჯერადი იქნება და საქართველოს ყველა ის მოქალაქე მიიღებს, რომელსაც 18 წელი ჯერ არ შესრულებია. ამისთვის ბიუჯეტიდან 170 მილიონი ლარია გამოყოფილი.

გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა რა პროცედურების გავლით მიიღებენ ბავშვები სოციალურ კომპენსაციას - წესებზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. ზუსტ დეტალებს მინისტრი მომავალ კვირას გვპირდება. მანამდე კი მთავრობაში ირწმუნებიან, რომ პროცედურები მარტივი იქნება და კომპენსაციაც ბენეფიციარებს ოპერატიულად დაურიგდებათ.

ბავშვების სოციალური დახმარება ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ერთ-ერთი კომპონენტია. გეგმა, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გასაჯაროვდა, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ნაწილობრივ დაფინანსებასაც მოიცავს. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტი იმ ახალგაზრდების სწავლის ერთი სემესტრის საფასურს დაფარავს, ვის ოჯახსაც 150 ათასამდე ქულა აქვს. ასევე ბიუჯეტი დაუფინანსებს ერთი წლის სწავლას ამავე კატეგორიის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ. სოციალური პაკეტი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მექანიზმსაც მოიცავს.

გეგმის მიხევდით, 4 თვის განმვალობაში - ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში, ბიუჯეტი იმ მოქალაქეების გადასახადებს დაფარავს, ვინც 200 კილოვატ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს.

თვითდასაქმებულების მხარდამჭერი პროგრამით სრულდება ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას ის 80 ათასი თვითდასაქმებული მიიღებს, რომელმაც კომპენსაციის მისაღებად მთავრობას მიმართა, თუმცა დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდა.

დღეს დაანონსებული სოციალური პროგრამების მთლიანი ფინანსური მოცულობა 485 მილიონი ლარია. თანხა ბიუჯეტიდან დაიხარჯება, მათ შორის კოვიდ ფონდში მობილიზებული რესურსიც.

ანტიკრიზისული გეგმა დაანონსებისთანავე კრიტიკის სამიზნე გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას საყვედურობს, რომ მოქალაქეებს თანხა პანდემიის დროს არ დაურიგა. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მმართველი გუნდის ოპონენტები სოციალურ დახმარებას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ და "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

სოციალური გეგმის არჩევნებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს პრემიერ-მინისტრი. მთავრობაში ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციაზე მიანიშნებენ.

მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ COVID-19-ის გამო გრძელვადიანმა ეკონომიკურმა კრიზისმა დღის წესრიგში სოციალური დახმარების მეოთხე ეტაპის აუცილებლობაც დააყენოს. თუმცა, რა ფინანსური რესურსით მოხდება ამ პროგრამების დაფინანსება, დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ უსაუბრიათ.

დღის ამბები