17 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
180 მლნ ევროს მხარდაჭერა საქართველოს - გერმანიის დახმარება პანდემიის შედეგების აღმოფხვრას და ინფრასტრუქტურას მოხმარდება

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება" შეიმუშავა და ქვეყანას 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა. აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება და  პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება. 

დღესვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება.

ორივე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ვეიგელმა.

KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ​ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ამ ოდენობით გერმანიას ფინანსური რესურსი ჯერ არ გაუცია და აღნიშნული თანხები ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად, წყალმომარაგების სისტემების შესაქმნელად და აგრეთვე კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად გამოიყენება.

"COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დღეს ხელმოწერილ ფინანსურ დახმარებას, რომელიც თავისი ოდენობით უპრეცედენტოა. ამ ოდენობით ფინანსური რესურსი გერმანიას ამ დრომდე არ გაუცია. ესაა თანხები, რომელიც გამოიყენება ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით, წყალმომარაგების სისტემების შესაქმნელად და აგრეთვე, რა თქმა უნდა კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება," - აცხადებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ​ჰუბერტ ქნირში.

KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

"საქართველოს მთავრობასთან ხელი მოვაწერეთ ორ დიდ სასესხო ხელშეკრულებას. პირველი - საბიუჯეტო დახმარებაა, რომელიც  მნიშვნელოვანია კოროვანირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ღონისძიებების დასაფინანსებლად. რაც შეეხება მეორე პროექტს, იგი განკუთვნილია საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. მიმაჩნია, რომ ამ პროექტებით ხელს შევუწყობთ საქართველოს მთავრობის მიზნებს, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის შემდეგ, მოსახლეობას შეექმნას პირობები ტურიზმის განვითარებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმი დაკავშირებული იქნება გარემოს დაცვასთან. ეს ორი კომპონენტი - გარემოს დაცვა და ტურიზმი იქნება ამ პროექტში მთავარი," - განაცხადა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ვეიგელმა.

დღის ამბები