17 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
შეცდომა იყო, რომ ჩვენ არ გავუუქმეთ რუსეთს სამშვიდობო ძალების სტატუსი, მიუხედავად იმისა რომ ამას ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი 12 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს აფასებს. სამადაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის აცილების შესაძლებლობა საქართველოს თითქმის არ ჰქონდა. ის დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარებას და ამის შემდგომ პუტინის განცხადებას იხსენებს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამას უპასუხებდა, თუმცა უკვე სხვა ადგილას. 

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მაშინდელი ხელისუფლების შეცდომა იყო, რუსეთის სამშვიდობო სტატუსი არ გაუუქმა, რომლის წინააღმდეგიც დასავლელი პარტნიორები იყვნენ. 

"ჩემი განცდა არის, რომ ჩვენ ფაქტიურად შანსი არ გვქონდა თავიდან აგვეცილებინა ის, რაც მოხდა. მას შემდეგ რაც დასავლეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. პუტინმა მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ ის უპასუხებდა ამას და უპასუხებდა ოღონდ სხვა ადგილას და ეს ადგილი რა თქმა უნდა, იყო საქართველო. პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსი ეღიარებინა, ეს რუსეთმა მიიღო გაცილებით ადრე და შემდეგ რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად დაიწყო ამისთვის მზადება, მე სიმართლე რომ გითხრა, მე ვიზიარებ იმ შეხედულებას, რომ თუ ჩვენ რაიმე შეცდომაზე ვსაუბრობთ, ალბათ შეცდომა იყო სწორედ ის, რომ ჩვენ არ გავუუქმეთ რუსეთს სამშვიდობო ძალების სტატუსი იმთავითვე, მიუხედავად იმისა რომ ამას ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიუღებელია და ის პირველ რიგში დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის. სამადაშვილისთქმი,  არის ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ქვეყნის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა არსებობდეს.  

"ჩემთვის ძალიან მიუღებელია დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება როგორც საზოგადოებამ, სხვადასხვა პოლიტიკურმა ბევრ რამეზე ჩვენ შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ომი და აგრესია არის ის თემა, სადაც არ შეიძლება რომ ქვეყნის შიგნით არსებობდეს სხვადასხვა პოზიცია, იმიტომ რომ ეს არის დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი საერთაშორისო პარტნიორების მოქმედებებთან დაკავშირებითაც საუბრობს და რომ პარტნიორებმა, რომლებიც იმ პერიოდში პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, აგვისტოს ომის წინა წლებში საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგეს იმისთვის, რომ ეს აგრესია თავიდან ყოფილიყო აცილებული. 

"მე მინდა ვისაუბრო იმაზეც, როგორ იგონებენ ამ დღეებს მაშინდელი სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელოვანი მოთამაშეები და სიმართლე რომ გითხრათ, მე მგონია რომ ისინი ხშირად ამას ამბობენ იმიტომ, რომ მათ თვითონვე არ გააკეთეს საკმარისი ომის წინა წლებში იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა ეს სამხედრო აგრესია. 

მე ბრიუსელში წავედი როგორც საქართველოს ელჩი ევროკავშირში 2005 წელს და ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია ეს იყო სწორედ, რომ ჩვენ მიგვეღწია იმისთვის, რომ სამშვიდობო ფორმატების და სამშვიდობო ჯარების ფორმატების  ინტერნაციონალიზაცია მომხდარიყო. ანუ, რუსეთის მონოპოლია ამაზე მორღვეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამისთვის მრავალი წელიწადი ვიშრომეთ, არ იყო ამისთვის პოლიტიკური მზაობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ნაბიჯი უნდა გადაედგათ და განსაკუთრებით გამოვყოფ გერმანიას და საფრანგეთს.  

მიუხედავად ჩვენი მრავალი მცდელობისა, მაგალითად,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოვლენილი რომ ყოფილიყო საქართველოში არა ომის შემდეგ, არამედ ომამდე, ჩვენ ნამდვილად გვექნებოდა დამატებითი დამცავი მექანიზმი აგრესიის. 

ჩვენ რომ არ ვისაუბროთ შეცდომებზე, რომელიც თავის მხრივ მოუვიდა დასავლეთს ამ კონტექსტში, ეს არ იქნება სწორი, ეს არ არის ისტორიული ჭეშმარიტება და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა შემდგომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასთან დაკავშირებით." - აცხადებს სამადაშვილი. 

სალომე სამადაშვილის თქმით, ის რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  ხელშეკრულება დღემდე შეუსრულებელი რჩება, სწორედ ხელისუფლების და მისი ქმედებების შედეგია.  

"ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია მხოლოდ არ იყო არასდროს საკმარისი რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად საერთაშორისო ასპარეზზე. მე ვსაუბრობ სწორედ ევროპაზე მე წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას ევროკავშირი და ამიტომ, ძალიან კარგად მახსოვს ეს საუბრები რაც იყო. სწორედ იმიტომ რომ რიგი ევროპული ძალიან თავშეკავებით უყურებდნენ რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ნაბიჯების გადადგმას და ასეთად ითვლებოდა ინტერნაციონალიზაცია სამშვიდობო ფორმატის, ისინი ამ გადაწყვეტილებაზე არ წავიდნენ.

მე მინდა ვთქვა, რომ გასულ 12 წელიწადს ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს, ყველაზე დიდი ამორალურობა "ქართული ოცნების" ხელისუფლების, არის სწორედ იმაში, რომ პოლიტიკური ძალაუფლება დღეს ქვეყანაში აქვს იმ ხალხს, ვინც გვესაუბრება რუსული პროპაგანდისტული გზავნილების ენით და რა თქმა უნდა, შესაბამისად, გასული 12 წლის მანძილზე, ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწიეთ იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  ხელშეკრულება დღემდე შეუსრულებელი რჩება და გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ გასულ 12 წელიწადში საერთოდ შეიცვალა საერთაშორისო კონტექსტი უკრაინის ანექსიასთან დაკავშირებით.“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

დღის ამბები