რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზე კიდევ ერთი განცხადება პრემიერ-მინისტრმა დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე გააკეთა. 251 ოჯახი "დირსის" ახალ აშენებულ კორპუსებში შესახლდა. გიორგი გახარიას განცხადებით, 7 აგვისტო ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და მშვიდობის გარდა, არ არსებობს ტერიტორიების დაბრუნების სხვა გზა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე ახალ საცხოვრებელ ფართს კიდევ 2 ათასი დევნილი მიიღებს.
"დღეს არის 7 აგვისტო, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. დღე, როდესაც დაწყებულმა ომმა დაგვაკარგვინა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ჯარისკაცები, დაგვაკარგინა საქართველოს ტერიტორიის 20%. დღეს, რუსეთის მიერ 12 წლის წინ ოკუპირებულ ქვეყანაში, ჯერ კიდევ უამრავი დევნილი გვყავს, რომელთაც სჭირდებათ სახელმწიფოს ზრუნვა.
ყველას კარგად გვესმის, რომ ზღვაში წვეთია, როდესაც ჩვენ დღეს ასეთი სიხარულით, პირველ რიგში ბავშვების გამო, ჩვენს დევნილებს გადავცემთ 251 საცხოვრებელს - ადამიანებს, რომელთაც ამ ომის შედეგად მოუწიათ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ და რომლებიც დღემდე არიან ჭერის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის შემდეგ, სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 000-ზე მეტი საცხოვრისი და წელს წლის ბოლომდე კიდევ 2000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს, ეს მაინც არაფერია, იმიტომ რომ ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომ გარდა იმისა, რომ ვიზრუნებთ თქვენს ყოველდღიურ კომფორტულ ცხოვრებაზე, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად მშვიდობით დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე.
უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათ განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით. საქართველოს ყველა ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს წლების განმავლობაში, საბოლოო მიზნის მიღწევამდე - და ეს მიზანია ქვეყნის სრული დეოკუპაცია, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიდგეთ ერთად, ეს ის მიზანი უნდა იყოს, რომელმაც უნდა გააერთიანოს საქართველოს თითოეული მოქალაქე. მინდა, ამ ბავშვების სიხარული აუცილებლად გავაზიაროთ და მწუხარებით ქედის მოვიხაროთ, რომელსაც იმსახურებენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ვაჟკაცები, რომლებმაც შესწირეს თავისი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობას და საქართველოს მთლიანობას. მინდა, ამ ბავშვებს ვუსურვო პირველ რიგში, რომ ამ ქვეყანას აღარ დასჭირდეს სიცოცხლის გაღება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.