"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე "ღამის კურიერის“ ეთერში ამბობს, რომ სასაციალოა, როდესაც მას პრორუსულს უწოდებენ. ბურჯანაძის თქმით, ის ერთადერთი პოლიტიკოსია საქართველოდან, რომელსაც რუსეთის ერთ-ერთი ცენტრალური ტელევიზიის საშუალებით, ხმამაღალი განცხადების გაკეთების არ მორიდებია და ერთ-ერთ ტოქ-შოუში თქვა, რომ მას არ სურს "რუსული ჩექმა" საქართველოს ტერიტორიაზე.
"საქართველოს კანონმდებლობით რუსეთი ოკუპანტი გამოდის, რა თქმა უნდა. აქ არაფერი სადაო არ არის და მე არასოდეს არ მიდავია ამაზე. უფრო მეტიც, ძალიან სასაცილოა, რომ მე პრორუსულს მეძახიან, მე არ ვიცი სხვა პოლიტიკოსი საქართველოდან, რომელიც გამოვიდა რუსეთის ცენტრალური ტელევიზიით ყველაზე პოპულარულ თოქ-შოუში, რომელმაც 100 მილიონი უყურებს და რომელმაც თქვა, რომ მე მინდა რუსი ტურისტი საქართველოში, მე მინდა რუსები მეგობრად ჩამოსულ ჩემს საქართველოში, მაგრამ მე არ მინდა რუსის ჩექმა ჩემს ტერიტორიაზე და ჩემი ამოცანაა, რომ რუსული ბაზები საქართველოდან გავიდეს. მე არ ვიცნობ სხვა პოლიტიკოსს, თუ თქვენ გეგულებათ ვინმე, ვინც რუსეთის ტელევიზიიდან მსგავსი რამე თქვა, მე მხოლოდ გამეხარდება, მაგრამ მე არ მომრიდებია არა თუ თქვენს ეთერში, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები უყურებენ, არამედ ეთერში რომელსაც რუსეთის პოლიტიკური ელიტა უყურებს და მთელი ის სფერო, რომელიც განსაზღვრას რუსულ პოლიტიკას და რუსეთის 100 მილიონი მოქალაქე უყურებს, მე არ მომრიდებია იმის თქმა, რომ ჩემთვის მიუღებელია რუსის ჩექმა ჩემს ტერიტორიაზე და ჩვენი სამშობლო, რა თქმა უნდა, არის აფხაზეთიც და სამაჩაბლოც,“ - განაცხადა ნონო ბურჯანაძემ.
წამყვანის კითხვაზე - ერიდება თუ არა ნინო ბურჯანაძე ოკუპანტის და პუტინის ერთ წინადადებაში მოქცევას, "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარეს იაპონიის მაგალითი მოჰყავს, რომლის თანახმადაც, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა სიტყვა ოკუპაცია შეცვალა დროებით უკანონოდ დაკავებულით. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამის დახმარებით, მეტი შესაძლებლობა მიეცა რუსეთთან მოლაპარაკებები დაეწყო.
"ჩემთვის ოკუპირებულია ეს ტერიტორიები, უბრალოდ მე შევთავაზე საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე, რომ მოვქცეულიყავით პოლიტიკურ სფეროში, ისე როგორც მოიქცა იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, სიტყვა ოკუპაცია შეცვალა დროებით უკანონოდ დაკავებულით, რაც საერთაშორისო სამართალში იგივეა, მაგრამ რომელიც მას აძლევდა მეტ შესაძლებლობას რუსეთთან კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაეწყო. ეს იყო პოლიტიკური ტრიუკი, რომელსაც იყენებს იაპონია, რომელიც შეიძლება გამოიყენო პოლიტიკოსმა, მაგრამ ეს არსს არ ცვლის."- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.