17 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
2008 წლის ომიდან 12 წელი გავიდა, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას - ომბუდსმენი

აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. 

ომბუდსმენი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მოქალაქეებს ექმნებათ, მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტები

"წლების განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა დაკავებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტები, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში," - ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომიდან 12 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას.

"ასევე, კვლავ პრობლემას წარმოადგენს, საოკუპაციო ხაზის პირა სოფლებში ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია/კომპენსაციის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების საკითხი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლიდან წლამდე უარესდება ჯანდაცვის და განათლების ხარისხი. გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაციის არასახარბიელო დონე და მომსახურების მაღალი ფასები, ასევე, პაციენტთა გართულებული გადაადგილება გამყოფ ხაზზე, ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს სტანდარტზე ხელმისაწვდომობის უფლებაზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცდილობს.
2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, მშობლიური ენის ცოდნის შემცირება და ზოგადად განათლების სისტემის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით ძალისხმევა არ დაიშუროს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის ღირსებისა და უფლებების დასაცავად და დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების შესაცვლელად. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას და კონფლიქტებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები