"დადგა დრო, საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი" - ეს ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის სიტყვებია. ამერიკელმა პოლიტიკოსმა ეს განცხადება საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.
"მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი" - ეს არის იმ საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდება, რომელსაც ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან ოფიციალური პირები და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იყო არაერთი მხარდამჭერი განცხადება, როგორც კონგრესმენებისგან ასევე ევროპარლამენტარებისგან.
"თითოეული კონფლიქტი ერთმანეთთან არის კავშირში. მათ ყველას გააჩნია მსგავსება, იმ ჰიბრიდულ სტრატეგიასთან, რასაც რუსეთი ატარებს. რუსეთი თავის უსაფრთხოებისთვის ერთ სურათად ხედავს ამ კონფლიქტებს. საქართველო წარმომადგენლობით დიალოგებში არ იღებს მონაწილეობას. რუსეთის თამაშის ნაწილია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს ძირი შეურყიოს. მოლაპარაკებების პროცესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა აქაც მოსკოვის პოზიცია, როცა რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლობას რთავს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან არ ვართ დიალოგში, მივყვებით ზოგად პროცესს. ჩვენი მშვიდობის პოლიტიკა გულისხმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების ტერიტორიიდან გასვლას და დეოკუპაციას. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებთან ურთიერთობას. ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.