ევროპა შეცდა, როცა 2008 წლის მოვლენები სათანადოდ ვერ შეაფასა, ეს არის დღეს რუსული აგრესიიდან 12 წლის შემდეგ ევროპარლამენტარების შეფასება. ევროპელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ დღეს საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ეს ქვეყანაში მოახლოებული არჩევნებია.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ რუსეთს არ აწყობს საქართველოში დასავლური და დემოკრატიული პროცესების განვითარება, ამიტომ თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს.
"ოკუპაციის შემდეგ რა შეცდომაც დავუშვით, გახლავთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ ურთიერთობებს დაბრუნებოდა რუსეთთან, ვიდრე რუსეთი შეასრულებდა ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს. მომავალი გახლავთ ქართველების ხელში. გააგრძელეთ თქვენი რეფორმები. ქვეყნის რეფორმირება სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად გახლავთ ის, რისი დანახვაც რუსეთს არ სურს, გასულ წელს ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, როდესაც კონსტიტუციური შესწორებები არ იყო მიღებული, არჩევნები რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება იქნება გადამწყვეტი, მოთმინებით დაველოდოთ, რომ პროვოკაცია და არეულობა არ იქნება, არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, მშვიდობიანად და სამართლიანად," - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან მარინა კალიურანდი
საკითხს ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მანუელ სარაცინი და საქართველოს დემოკრატიული განვითარების გაგრძელებაში მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:
"თუ 2008 წელს დღევანდელ დღეს შევადარებთ, სრულიად განსხვავებული შეხედულება არსებობს. შეიძლება გერმანულმა და ევროპულმა პოლიტიკამ სათანადოდ ვერ შეაფასა ის, თუ რა ხდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში იმ მომენტში. გეთანხმებით, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს მომავლისათვის. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვისაც, როგორ ჩამოყალიბდება საქართველოს მთავრობა, ისე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში. ძალიან გულდასმით უნდა გავაანალიზოთ ყველა განვითარებული თუ მიმდინარე კრიზისი.საქართველოში არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა, უკანა ადგილზე გადაინაცვლოს სხვა წამყვან პრობლემებთან შედარებით, მაგრამ უნდა დავუკვირდეთ იმას, რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია საქართველომ ამ წლების განმავლობაში და რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ეს შევინარჩუნოთ," - ამბობს გერმანელი დეპუტატი.