აგვისტოს მოვლენები და რუსული აგრესია კვლავ საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგანია. სისხლიანი დღეების ქრონიკა ამჯერად შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა გაიხსენა. გავრცელებულ განცხადებაში ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს აშშ-სა და ნატოს კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად მოიხსენიებენ და ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის თავდადებას დემოკრატიისკენ სწრაფვაში.
ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა ამერიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა და საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ. მათ რუსეთს, საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაგმეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა. ეუთოს განცხადებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერაა გამოხატული.
კრემლისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს ნატო. გავრცელებულ განცხადებაში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.
მოსკოვისგან აგრესიული პოლიტიკის შეწყვეტასა და დეოკუპაციას მოითხოვს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.
საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს ჩეხეთისა და ლატვიის საგარეო უწყებებმაც. საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებაში რუსეთს მოუწოდებენ, პატივისცემით მოეკიდონ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები.