17 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"ვინც დაახლოებულია ხელისუფლების გარკვეულ შტოებთან, იარაღის ტრიალიც შეიძლება შერჩეს" - ოპოზიცია ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე

ახალქალაქში მომხდარ ფაქტს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია ქვეყანაში კრიმინალის გაზრდაზე აკეთებს აქცენტს. ისინი ხელისუფლების უმოქმედობასა და სისტემის პოლიტიზებაზე საუბრობენ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს.

"სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ აღმოჩნდნენ თავის ადგილას, წინსწრებით უნდა მოეგვარებინათ ეს საკითხები. არსად არ იყო ადმინისტრაცია, არსად არ იყო პოლიცია, არსად არ იყო კრიმინალური პოლიცია, სპეცსამსახურები. ხუთი სახლი ისე დაწვეს, ლინჩის წესით ლამის ისე გაუსწორდნენ ადამიანებს და ერთი მოკლეს, რომ კაციშვილი გარეთ არ იყო. რისი მაჩვენებელია ეს - ეს არის დაუსჯელობის სინდრომი ერთი და ის, რომ სტანდარტები არის დამკვიდრებული ხელისუფლების გარკვეული შტოების მხრიდან, რომ ვინც დაახლოებულია მათთან, იარაღის ტრიალიც შეიძლება შერჩეს," - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

"შეუძლებელია, რომ ეს სამართალდამცავი სისტემა არსებობდეს იმ პირობებში, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან კვირა გამოშვებით, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნება", ეს ინსტიტუტების ნგრევასთან ასოცირებული ძალა ჩამოშორდეს ხელისუფლებას," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა საბა ბუაძემ.

სისხლიანი დაპირისპირების და მკვლელობის შემდეგ, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია. ქალაქში საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები, რომლებიც ვითარებას აკონტროლებენ. დაპირისპირება ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობდა. დარბეული და დამწვარია 4 სახლი და დამწვარია სასტუმრო.

დღის ამბები