სლოვაკურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო მედია მონიტორინგისთვის კომუნიკაციების კომისიის მონიტორები გადაამზადა. კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს 1 სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.
ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, "მემო 98"-ის ხელმძღვანელმა მონიტორებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვისებრივი მედიამონიტორინგის განხორციელების თავისებურებები და სპეციფიკა გააცნო.
"არჩევნების პერიოდში მონიტორინგი ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, რომ გამოიკვეთოს ნიშნულები, რომელიც მიგვითითებს ჩვენს სამართლიანობაზე. მედიის მიერ საარჩევნო პერიოდში გაშუქება, რამდენად შეესაბამება რეგულაციებს, კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. აძლევენ თუ არა სხვადასხვა კანდიდატებს თანაბარ წვდომას იმისათვის, რომ მათ შეძლონ საზოგადოებამდე მესიჯების მიტანა. არის თუ არა ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, იმისათვის რომ ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს," - განაცხადა მედიაექსპერტმა რასტო კუზელიმ.