ათობით დაშავებული და ათასობით დაკავებული - არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადება ბელარუსში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის მალევე სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
გამარჯვების მოედანზე ათასობით დემონსტრანტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდა, თუმცა ძალოვანებმა აქციის მონაწილეების პროტესტს ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი, რეზინის ხელკეტები და ტყვიები დაუპირისპირეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდამცველებთან შეტაკებას მსხვერპლიც მოყვა.
დაკავებული არიან ჟურნალისტები და ოპოზიციური კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულია ინტერნეტ წვდომაც. კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის პოსტს უკვე 26 წელია იკავებს, 80 პროცენტიანი გამარჯვება მოიპოვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი მოსახლეობის მხოლოდ 9.9 პროცენტის მხარდაჭერა.
მომიტინგეების დარბევის შემდეგ მედიასთან საუბრისას კვლავ ხისტი იყო ალექსანდრ ლუკაშენკოს ტონი. მან დემონსტრანტებს ცხვრები უწოდა და აქციაში მონაწილეებს მყისიერი პასუხით დაემუქრა. ბელარუსის პრეზიდენტმა დემონსტრაციების მოწყობაში პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დაადანაშაულა.
ცესკოს შედეგებს არ აღიარებს და თავს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად თვლის სვეტლანა ტიხანოვსკაია. პრეზიდენტობის კანდიდატმა ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვა.
ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს რუსეთის, აზერბაიჯანის და ჩინეთის პრეზიდენტებმა. სისხლიანი დაპირისპირების მიუხედავად, დემონსტრანტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და მასშტაბური გამოსვლებისთვის ემზადებიან.