17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე, არავის ვურჩევ მსგავსი არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გადასვლის შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ მისთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ლუკაშენკოს ოპონენტს არ დაუკონკრეტებია რა გადაწყვეტილებას გულისხმობს, თუმცა აღნიშნავს, რომ რთული არჩევანის წინაშე იდგა და მსგავს ვითარებაში ყოფნას არავის უსურვებს.

ტიხანოვკსაია საკუთარ ვიდეომიმართვაში იმაზეც საუბრობს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს იმად, რაც მის ქვეყანაში დღეს ხდება და ხაზს უსვამს იმას, რომ ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს.

"მე ვფიქრობდი, რომ ამ საარჩევნო კამპანიამ გამაძლიერა და იმხელა ძალა მომცა, რომ ყველაფრის ატანას შევძლებდი, მაგრამ ალბათ მე კვლავ იმ სუსტ ქალად დავრჩი, როგორიც თავიდანვე ვიყავი. მივიღე ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. ჩემზე გავლენა არც მეგობრებს, არც შტაბს და არც სერგეის არ მოუხდენია. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ბევრი კი შემიძულებს. ღმერთმა დაუფაროს ვინმეს მსგავსი არჩევანის წინაშე დადგეს, როგორი არჩევანის წინაშეც მე აღმოვჩნდი. ამიტომ, ადამიანებო გაუფრთხილდით ერთმანეთს. არც ერთი სიცოცხლე არ ღირს იმად, რაც ახლა ხდება. ბავშვები - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არსებობს ჩვენს ცხოვრებაში," - აცხადებს საკუთარ ვიდეომიმართვაში სვეტლანა ტიხანოვსკაია.

სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში "გაქცევის" შემდეგ თავს "უსაფრთხოდ" გრძნობს - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო მინისტრმა განაცხადა. ლინას ლინკავიჩუსმა საკუთარ "ტვიტერზე" დღეს დილით დაწერა, რომ ტიხანოვსკაია ზიანისგან შორს იმყოფება.

დღის ამბები