ლაგოდეხში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემიას, რომლის მიზანიც ფეხბურთის, სპორტის განვითარების და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა პრემიერ-მინისტრი პარტიის ლიდერებთან და კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად სტუმრობდა.
როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი 110 ადამიანზეა გათვლილი და, ამ ეტაპზე, სრულიად უფასოდ, 40 ბავშვი ცხოვრობს და ვარჯიშობს. "ქართული ოცნების" ლიდერები სტადიონზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.
დღესვე "ქართული ოცნების" ლიდერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღები შენდება სოფელ თელასა და ბაისუბანშიც. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ ჭიაურსა და ჭაბუკიანში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა.