გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურის განცხადების შემდეგ შეფასებები გაკეთდა უმრავლესობაში. თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ საზოგადოება გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს. მისი თქმით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და თუკი დანაშაულში ვინმეს რამე წვლილი მიუძღვის, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს.
"გამოძიება მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებას ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში ჩაატარონ გამოძიება. ამ საქმის ირგვლივ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა როგორც ხედავთ, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალის გაცნობიერება ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების სახით და ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს," - განაცხადა კახა კალაძემ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
"ჩვენი ოპონენტები სამწუხაროდ, ცდილობენ რომ ადამიანური ტრაგედიები გამოიყენონ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. ერთის მხრივ ამორალურია ეს საქციელი, მეორეს მხრივ, მათი პოლიტიკური მიზანია, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.