ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისა და სოციალური დისტანცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მინისტრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა თავშეყრის ადგილებზე ნიღბები ატარონ.
ეკატერინე ტიკარაძე მოუწოდებს სხვადასხვა ობიექტებს, რესტორნებს, სასტუმროებს, რომ შრომით ინსპექციასთან აქტიურად ითანამშრომლონ.
"ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბიზნეს სექტორის ჩართულობა, სადაც ჩვენი მოსახლეობის ნაკადების დენადობა ყველაზე მაღალია. კაფეები, რესტორნები, სასტუმროები - მე მოვუწოდებ მათ, რომ აქტიურად ითანამშრომლონ შრომით ინსპექციასთან, განახორციელონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილია ჩვენი შრომის ინსპექციის გაიდლაინების მხრიდან, ვინაიდან, ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ, ამ პერიოდში, როდესაც ისინი ისვენებენ, არის ეს მთის კურორტები თუ ზღვის დაიცვან ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მნიშვნელოვანია კოვიდინფექციის თავიდან დასაცილებლად,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით არის ობიექტები, რომლებიც დაწესებულ რეგულაციებს არ ასრულებენ. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღიურ რეჟიმში დაახლოებთ 20-მდე დარღვევა ვლინდება.
"დღიურ რეჟიმში ჩვენ გვაქვს 20-მდე დარღვევა, სხვადასხვაა სტატისტიკა რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შრომის ინსპექცია თანამშრომლობს კერძო სექტორთან, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონის დონეზე რამდენჯერმე მივიდნენ სექტორში, გადაამოწმონ და ასევე მიუთითონ და გააცნონ ეს რეკომენდაციები. სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, კერძო სექტორი, რომელიც კოვიდ პანდემიის შედეგად, ისედაც მნიშვნელოვნად დაზარალებულია ეკონომიკურად, ვიყოთ მათი პარტნიორები, იმისათვის, რომ შემდეგ არ დაგვჭირდეს აღკვეთი ღონისძიებები ან დაჯარიმების ღონისძიებები და ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რომ საბოლოო შედეგად ჩვენ არ მივიღოთ ისევ ჩაკეტილი ქვეყანა და ეკონომიკა,“ - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ტესტების შედეგები განსაზღვრას, თუ რა ტიპის ღონისძიებები იქნება გატარებული შემდგომში. მინისტრ ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ღონისძიებების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ჩვენ დღეს ველოდებით ტესტებს, 1000 ტესტი რეგიონიდან იქნება უკვე შედეგი. ეს მოგვცემს რა თქმა უნდა, ჩვენ იმის ანალიზის საშუალებას, თუ როგორი ღონისძიებები იქნება ქვეყნის მასშტაბით გატარებული. ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება ქვეყანაში დამატებითი ღონისძიების გამკაცრების არ არის მიღებული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მათი სოციალური პასუხისმგებლობა დარჩეს კლავ ისეთივე მაღალი, როგორიც ეს იყო გაზაფხულზე,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.