"პატრიოტთა ალიანსი" IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს. პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულა და საკუთარი პარტიული კვლევა გამოაქვეყნა.
პატრიოტთა ალიანსის ინფორმაციით, პარტია რეიტინგში პირველ ადგილზეა და "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" უსწრებს.
"დღეს ჩვენ წარმოვადგენთ აუდიო გამოკითხვის მარტი-აპრილის შედეგებს. საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას ან ვის კანდიდატს დაუჭერთ მხარს. პირველ ადგილზე ვიყავით ჩვენ, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და აქვე გეტყვით, რომ ამ ადგილს დღესაც ვინარჩუნებთ, მეორე ადგილზე იყო "ქართული ოცნება". ყველა ეს ჩანაწერი გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს საქართველოში,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, კითხვაზე, "კვირას რომ არჩევნები იყოს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს" 33% ფიქრობს, რომ მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა. ამავე კვლევის მიხედვით, 16% მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს, "ევროპულ საქართველოს"- 5%, "სტრატეგია აღმაშენებელს"- 3%, პატრიოტთა ალიანსს 3%, "ლეიბორისტულ პარტიას", პარტია "ლელოსა" და "გირჩს" მხარს მოსახლეობის 2% დაუჭერს.