17 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
მიმაჩნია, რომ კვლევებიდან უნდა გავაკეთოთ დასკვნები - ბადრი ჯაფარიძე Survation-ის კვლევაზე

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე "დღის კურიერის" ეთერში "რუსთავი 2-ის" დაკვეთით მომზადებული ავტორიტეტული ბრიტანული კომპანიის, Survation-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე საუბრობს.

ბადრი ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევები დასკვნების გასაკეთებლად კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დადგინდეს, თუ რა აწუხებს მოსახლეობას.

"ჩემთვის ეს კვლევები არის სწორედ იმის წყარო, რომ დავადგინოთ რა აწუხებს ყველაზე მეტად ახლა საქართველოს მოსახლეობას და როგორ შევძლოთ იმ პრობლემების გადაჭრა მათთან ერთად, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის არის პრიორიტეტი.

რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, როგორც თქვენ ხედავთ ისინი ძირეულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის და მიხედვით ვინ ატარებს ამ კვლევას, ვისი დაკვეთით ხორციელდება და ა.შ. მე ვფიქრობ, ჩვენ კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ იმ პრობლემატიკაზე და წუხილზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია და აქედან გამომდინარე უნდა მოვახდინოთ შეთავაზება მათთვის გამოსავლის გზების, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს კვლევები ტარდება და ჩვენ ეს კვლევები უნდა გამოვიყენოთ როგორც წყარო, რომ მივიდეთ იმ მიზეზებამდე, რომელიც აუცილებელია აღმოიფხვრას, რათა ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

რაც შეეხება იმ შედეგებს, რომელიც კვლევის მიხედვით "ლელო-მ" მიიღო, საუბარია 5%-ზე, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ არ სურს შეაფასოს კვლევა სამართლიანობის თვალსაზრისით. მისივე განმარტებით, "ლელო-ს" მარტო რეგისტრირებული 40 000-ზე ამომრჩეველი ჰყავს.

"მე არ მინდა შევაფასო არის თუ არა სამართლიანი. ჩვენ ვიცით, რომ დღეისათვის მარტო რეგისტრირებული მხარდამჭერი "ლელოს" ჰყავს 40 000-ზე მეტი. თქვენ შეგიძლიათ აქედან გააკეთოთ დასკვნა იმიტომ, რომ თითო მხარდამჭერი არის მინიმუმ მისი ოჯახის წევრი პლიუს ზემოდან, აქედან გამომდინარე ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურად იმისათვის, რომ გაიზარდოს "ლელოს" მხარდამჭერების ოდენობა და ეს კეთდება სწორედ იმისათვის, რომ ეს ადამიანები და მთელი ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ გაჭირვებიდან, კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ამიტომ მიმაჩნია, რომ კვლევებიდან უნდა გავაკეთოთ დასკვნები იმასთან დაკავშირებით თუ რა აწუხებს ადამიანებს," - აცხადებს "დღის კურიერის" ეთერში ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ავტორიტეტულმა კომპანიამ Survation საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. გამოკითხულია 1 200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ მათ შორის შეკითხვები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაუსვა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა პასუხები იყო შემდეგი:

"ქართული ოცნება" 52% ;
"ენმ" 19% ;
"ევროპული საქართველო" 8% ;
"პატრიოტთა ალიანსი" 5% ;
"ლელო" 5% ;
"ახალი საქართველო" 4% ;
 სხვა 7 %.

დღის ამბები