17 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ელენე ხოშტარიასა და ჩემი მომხრები აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან - ლევან კობერიძე "ევროპული საქართველოს" კანდიდატთან კონკურენციას გამორიცხავს

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ლევან კობერიძე ვაკეში მისი კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით საუბრობს. "ლელოს" გადაწყვეტილებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ელენე ხოშტარიას ვაკეში ლევან კობერიძე დაუპირისპირდა.

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ "ლელოს" ამოცანა პირველ რიგში ქართული ოცნების ხელისუფლების დამარცხებაა.

"ლელოს" ყველაზე მთავარი ამოცანა არის რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული ოცნების დამარცხება, შესაბამისად, პარტიამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ოლქში დაეყენებინა თავის მაჟორიტარი კანდიდატი, რადგან ლელო არის ის პარტია, რომელსაც ბევრი სხვა პატივცემული პარტიებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ იცის, თუ რა არის პრობლემები ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე - უმუშევრობა, არამედ იცის, ეს ყველაფერი როგორ უნდა გადაწყვიტოს. ჩემი გაწევრიანებაც ლელოში იყო სწორედ ამ ღირებულებით ერთობაზე დაფუძნებული," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი აცხადებს, რომ ლელოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალური ცვლილებების შეტანა შეუძლია. მისი თქმით, ლელოს და ევროპულ საქართველოს აბსოლუტურად განსხვავებული ამომრჩევლები ჰყავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე,  ლელოს გადაწყვეტილებით, ის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება, ხოლო შემდგომში, ვითარებიდან გამომდინარე, გუნდურად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

"ეს იყო გადაწყვეტილება მთლიანად პარტიის სტრატეგიული ხაზის, შესაბამისად, იყო გადაწყვეტილება მიღებული, ყველა ოლქში თავის მაჟორიტარი კანდიდატის დაყენების. ამიტომ, აქ თითოეულ პიროვნებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრეთ და ეს არც იქნება ალბათ სწორი.

პირადად ჩემი კანდიდატურის დაყენება ვაკეში, ვფიქრობ, სწორედ რომ იქნება იმის ყველაზე ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა, "რომ ქართული ოცნება" იყოს დამარცხებული.

ელენე ხოშტარიას მომხრეები და ჩემი მომხრები აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არანაირად არ ფარავს ერთმანეთს. იმიტომ რომ თვისობრივად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები არიან "ევროპული საქართველო" და პარტია ლელო," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

კობერიძე ანა დოლიძესთან და ალეკო ელისაშვილთან ერთად დაარსებულ პლატფორმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. კობერიძის თქმით, ეს არის პლატფორმა, რომლის ფორმატშიც საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციები გაიმართება. 

"ქართული ოცნების დატოვების შემდეგ, თითქმის 2 წელია რაც დავტოვე ქართული ოცნება, მას შემდგომ ვცდილობ რომ ვითამაშო პოზიტიური როლი პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული ჯანსაღი ძალების გაერთიანების. ერთ-ერთი მცდელობა იყო მართ შორის ამ მემორანდუმზე ხელმოწერა, რომელიც გულისხმობდა სამსჯელო სივრცის შექმნას პოლიტიკას დაკავშირებით და არა პოლიტიკური პარტიის ჩანასახს. ახლა ვფიქრობ, რომ ლელოში ყოფნის დროსაც გვექნება საშუალება, რომ ამ ადამიანებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციები გავიაროთ," - ამბობს კობერიძე.  

ლევან კობერიძე მის "ლელოში გაწევრიანების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ იმ პარტიას შეურთდა, რომელთანაც ყველაზე დიდი ღირებულებითი ერთობა დაინახა.  

"ჩემთვის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომელ პარტიაში შევიდოდი, ეს არ არის უბრალოდ გადაწყვეტილება იმისათვის, რომ 2020 წელს მე მოვხვდე პარლამენტში. მე ვაპირებ, რომ პოლიტიკაში ვიყო საკმაოდ დიდხანს და  შესაბამისად, გადაწყვეტილება ჩემთვის იყო ძალიან ასაწონ-დასაწონი, რომელ პარტიას ან პოლიტიკურ ჯგუფს დავუკავშირებდი ჩემს პოლიტიკურ მომავალს," - განაცხადა ლევან კობერიძე.

დღის ამბები