"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ დღეს სასამართლოში იგივე სახეები და იგივე მორჩილებაა, რაც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო და მაშინაც და ახლაც, სასამართლო სისტემა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ყველაზე დიდი ჩავარდნაა.- ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"ერთ-ერთი გნებავთ დავარქვათ შეცდომა, ან ჩავარდნა, გნებავთ დავარქვათ ის, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ძალიან მაღალი ცდუნებაა, რომ ჰყავდეს მისი მორჩილი სასამართლო, მაგრამ იმ წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდნა, განსაკუთრებით იმ რეფორმების ფონზე, რომელიც სხვა უწყებებში მიმდინარეობდა, იყო სასამართლო. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები და მათ შორის, ბევრი პრობლემა შეიქმნა სწორედ სუსტი სასამართლოს გამო. ანუ, თუ ადამიანს არ აქვს იმედი, რომ სასამართლოში თავის სიმართლეს დაამტკიცებს, მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამ ადამიანს უჩნდება შემდეგ უსამართლობის განცდა. ბიზნესს თუ არ აქვს იმის რწმენა, რომ სასამართლოში დაიცავს საკუთარ უფლებებს და საკუთრებას, მას უჩნდება უსამართლობის განცდა.
მაშინაც სასამართლო იყო ზუსტად იგივე, იგივე შემადგენლობით და მორჩილებით, როგორიც არის დღეს. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ხელისუფლების მორჩილი სასამართლო და იგივე სასამარლო იყო მაშინდელი ხელისუფლების მორჩილი სასამართლოც. არც პიროვნებები შეცვლილან, არც ადამიანები შეცვლილა და არც მათი სამუშაო პრინციპები შეცვლილა. ერთ-ერთი პრობლემა გახლავთ სწორედ ეს, რომ ხელისუფლების შეცვლა ქმნის ფანჯარას სასამართლოს შეცვლისთვის,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.