შიდა გზა, სასმელი წყალი, გაზრდილი კრიმინალი, უმუშევრობა, ფასების ზრდა, ეკონომიკური პრობლემები - ეს ის საკითხებია, რაც ხონის რაიონში მოსახლეობას აწუხებს. "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე სოფელ ახალბედისეულში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
"სოფელს, სადაც მეტი სიღარიბეა სჭირდება მეტი ინფრასტრუქტურა, რომ სოფელი ფეხზე დადგეს და ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი სოფელი ხონში დარჩენილი, რომლამდეც წლებია გზა არა და არ ამოვიდა," - ამბობს აკაკი ბობოხიძე.
დავით ბაქრაძემ სოფელში არსებულ სოციალურ პრობლემებსა და მოსახლეობისთვის მოხსნილ დახმარებებზე გაამახვილა ყურადღება და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მსგავსი საკითხების მოგვარებას დაპირდა.
"მთელი სოფელი რომ შემოიარო, 50 ლარს ვერ მოძებნი, ვერ მოძებნი ადამიანს, რომელსაც სამსახური აქვს და მუშაობს, ვერ მოძებნი ადამიანს, რომელსაც სოციალური დახმარება არ სჭირდება და ამ დროს, ძალიან ბევრს უსამართლოდ აქვს მოხსნილი სოციალური დახმარება. ამიტომ, ამ უმძიმესი ფონის შეცვლის გზა გახლავთ სწორედ არჩევნები და ჩვენი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო გეგმა გახლავთ სოციალური დახმარებების გაორმაგება, პენსიების გაორმაგება," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.