საკუთარი პარტიისთვის თვითდაზიანების მიყენება - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობა" დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელიც მან "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა. "ევროპული საქართველს" ლიდერმა თქვა, რომ მომავალ მინისტრთა კაბინეტში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის ადგილი არ არის.
შესაძლო კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე დავით ბაქრაძის პოზიციამ მის ყოფილ თანაპარტიელებში გაკვირვება გამოიწვია.
"დავით ბაქრაძე, როდესაც თავს ესხმის მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ლიდერს, ამით მან მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესები დააზიანა. მათ შორის იმ მაჟორიტარი კანდიდატების ინტერესებსაც, რომლებიც საარჩევნოდ წარსდგნენ როგორც ერთიანი ოპოზიციის კანდიდატები და ვისთვისაც "ნაციონალური მოძრაობის" ხმები გადამწყვეტია.
ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია ბაქრაძის მსგავსი გამოცდილი პოლიტიკოსისგან, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის თვითდაზიანების მიყენება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
დავით ბაქრაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან.