"ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საზოგადოების დაკვეთაა ქვეყანაში კოალიციური მთავრობა შეიქმნას.
სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ახლა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციური პარტიები საუბრობდნენ არა ერთპიროვნულ მმართველობაზე, არამედ კონცენტრირდნენ მმართველი გუნდის დამარცხებაზე.
"აუცილებელია, რომ კოალიციური ხელისუფლება იყოს, რომელშიც არც ერთ ცალკე აღებულ ადამიანს და პოლიტიკურ ძალას, არ ექნება ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, 72% სწორედ ამას უჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოზიცია, რომელიც ზოგიერთ ჩვენ კოლეგა ოპოზიციონერს აქვს, რომ - ან დაბრუნდება ბატონი სააკაშვილი, ან ისევ დარჩება ივანიშვილი, მიგვაჩნია, რომ არის არასწორი პოზიცია. ნაცვლად იმისა, რომ ახლა იყოს საუბარი წინააღმდეგობრივ კანდიდატურებზე და მერე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს უწევდეთ კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება ამაზე, ახლა უმჯობესია ყველანი ვფოკუსირდეთ მთავარ ამოცანაზე - ივანიშვილის დამარცხებაზე," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან.