"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე "დღის კურიერში" აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მინსკში დანიშნულ სპეცრეისთან დაკავშირებით ბუნდოვანი და არასაკმარისია.
ხატია დეკანოიძის თქმით, სამინისტროს მანამდე ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, მათ შორის, ბელარუსში რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
"არავითარ შემთხვევაში დამაჯერებელი არ არის ეს პოზიცია იმიტომ, რომ მაგალითად, დაახლოებით 13 საათი ფიქრობდნენ და ათანხმებდნენ.
მე მიმუშავია საელჩოში და წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ელჩი, რომელიც ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას კეთილსინდისიერად, ამდენი ხნის მანძილზე, როდესაც მინსკში და მთელ ბელარუსში პრაქტიკულად არის ძალიან სერიოზული გამოსვლები და მართლა ბედი წყდება ამ ქვეყნის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, მათ შორის, მსხვერპლი იყო და გუშინ თავისუფლების მარში იყო - რატომ არ ასრულებდა თავის უფლება-მოვალეობას ელჩი?
როდესაც ასეთი მწვავე სიტუაციაა ქვეყანაში, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაზე და ინტერესებზე ელჩმა მალევე უნდა შეწყვიტოს შვებულება და გაფრინდეს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია პუტინთან საუბრის შესახებ და გუშინ "როიტერსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი მზად არის სამხედრო დახმარება გაუწიოს ე.წ. ამბოხებულების წინააღმდეგ ლუკაშენკოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. ძალიან გაურკვეველი და ბუნდოვანი განცხადებაა. აქამდე ხმა არ ამოუღიათ, მათ შორის იმაზე, რომ ადამიანები დაიღუპნენ," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.