პარტია "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, დღეს "ლელო" ამომრჩეველს წარუდგენს მაჟორიტარობის სამ კანდიდატს, რომლებიც კენჭს მთიანი აჭარის, ბათუმის და ქობულეთის ოლქებში იყრიან. როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ბათუმის ოლქში კენჭს თავად იყრის, მთიან აჭარაში - ჯამბულ ხოზრევანიძე, ხოლო ქობულეთში - პაატა ცივაძე.
ირაკლი კუპრაძის თქმით, დღესვე "ლელო" საზოგადოებას წარუდგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიულ სიასაც.
"დღეს "ლელო საქართველოსთვის" აჭარაში წარადგენს 3 ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს, რომელიც იბრძოლებს ბათუმში, მთიან აჭარასა და ქობულეთში. ასევე, უმაღლესი საბჭოს პარტიულ სიას. აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსიდან გამომდინარე აქვს ადგილობრივი პარლამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია პროპორციული სიით 18 დეპუტატისგან და სამი მაჟორიტარი დეპუტატისგან. ჩვენ წარვადგენთ როგორც მაჟორიტარ კანდიდატებს ადგილობრივ პარლამენტში, ასევე პარტიულ სიას.
აქ იქნებიან ადამიანები განსხვავებული კვალიფიკაციით, ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში მუშაობისა, ექიმები, პედაგოგები, თეოლოგებიც კი, ეკონომისტები, იურისტები - ეს არის სივრცე, სადაც ჩვენ ვაპირებთ ძლიერი გამარჯვების დადებას. აჭარა უნდა გავხადოთ საკვანძო ბრძოლის ველი "ლელო საქართველოსთვის".
დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასევე წარვადგინოთ ცენტრალურ პარლამენტში ჯერ კიდევ წარდგენილი სამი დეპუტატი - ეს გახლავთ მთიანი აჭარიდან ჯამბულ ხოზრევანიძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ცივაძე და ბათუმიდან გახლავართ მე. ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ დიდ, ხალხმრავალ შეხვედრაზე გავაცნობთ ჩვენს კანდიდატურებს. ჩვენ გვაქვს უამრავი საკანონმდებლო წინადადება, რომელმაც უმაღლესი საბჭო უნდა აქციოს მთავარ, მნიშვნელოვან და რეალურად დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციად,"-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.