"ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის დავა გრძელდება.
"ღამის კურიერში" დავით ბაქრაძის განცხადების შემდეგ, რომელშიც მან ყოფილი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი შესაძლო კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში პერსონა ნონ გრატად დაასახელა, ყოფილი მმართველი გუნდის ყოფილ წევრებს შორის დაწყებული ურთიერთბრალდებები მეოთხე დღესაც აქტუალურია.
ბაქრაძის შავ სიას დღეს უკვე გიგი უგულავას ფორმულა მოჰყვა: "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა ნიშნავს სააკაშვილის მესამედ მოსვლას ხელისუფლებაში, ხოლო "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერა - კოალიციურ მთავრობას.
თუმცა, რამდენიმედღიანი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე, ოპოზიციაში ხაგზასმით ამბობენ, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ერთობაც და მიზანიც უცვლელია. ამის დასტურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ტრადიციისამებრ, ლეიბორისტების ოფისში ხვალ ისევ ერთ მაგიდას მიუსხდებიან.