"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დღეს, ოპოზიციის მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე თბილისის დარჩენილი ორი ოლქის მაჟორიტარების კანდიდატებს განიხილავენ. ასევე, უნდა შეთანხმდეს სტრატეგია, თუ როგორ დაიცავენ არჩევნების დროს ხმებს.
"ოპოზიციური საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილება. მათ შორის, თბილისის 2 სამაჟორიტარო ოლქში საერთო ოპოზიციური კანდიდატების შესახებ და ასევე, შევიმუშავებთ საერთო დეკლარაციას, რომელიც ხმების დაცვის საკითხს შეეხება,"- აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი ამბობს, რომ -"ოპოზიცია ერთიანია უმნიშვნელოვანეს საკითხებში".
რამდენიმედღიანი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე, ოპოზიციაში ხაგზასმით ამბობენ, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ერთობაც და მიზანიც - "ქართულ ოცნების" დამარცხება - უცვლელია.
"შეხვედრისას, პირველ რიგში, ჩვენ თბილისის დარჩენილ 2 ოლქზე ვიმსჯელებთ და ასევე იმ საერთო სტრატეგიაზე, თუ როგორ დავიცვათ ამომრჩეველთა ხმები. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალური კოორდინაცია იყოს ოპოზიციურ ფლანგზე და სწორედ ამით დავამარცხოთ ივანიშვილი,"- აღნიშნავს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.