"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, ზურაბ ჯაფარიძის დასახელებას მხარს უჭერს. რაც შეეხება საბურთალოს ოლქს, ნიკა მელია ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვეტილება მიიღო, ამ ოლქში არ დააყენოს საკუთარი კანდიდატი.
"დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ჩვენ ზურაბ ჯაფარიძეს მკაფიოდ ვუჭერთ მხარს, როგორც საერთო მაჟორიტარულ კანდიდატს. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საბურთალოს რაიონში "ნაციონალური მოძრაობა" არ აყენებს საკუთარ კანდიდატს, ვინაიდან, საბურთალოს რაიონში რამდენიმე ძალიან ღირსეული ოპოზიციური ძლიერი კანდიდატია და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამით ხელს არ ვუშლით ძლიერ ოპოზიციურ კანდიდატებს საბურთალოს რაიონში დაამარცხოს "ქართული ოცნების" კანდიდატი. რომ ყოფილიყო ერთი საერთო ოპოზიციური კანდიდატი საბურთალოს რაიონში, ბუნებრივია, მას ექნებოდა ჩვენი საჯარო მკაფიო მხარდაჭერა," - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მაჟორიტარული ოლქები ოპოზიციამ დააკომპლექტა. 8-ვე ოლქში ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი იბრძოლებს. ორ ვაკანტურ ადგილზე საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში შეთანხმებას დღეს მიაღწიეს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილებმა, მხარდაჭერა ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ჯაფარიძეს გამოუცხადეს.