17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
საკვანძო საკითხია, რომ ივანიშვილის რეჟიმი პირველივე ტურში დამარცხდეს - გიგა ბოკერია საერთო კანდიდატების შესახებ  

დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატებს მხარს უჭერს "ევროპული საქართველო." გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ახლა მთავარია ოპოზიცია ძლიერად იყოს წარმოდგენილი და "ქართული ოცნება“ პირველი ტურში დამარცხდეს.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა, ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის კომპრომისებზე წასვლა აუცილებელია.

"ორივე კანდიდატს ჩვენგან ექნება მხარდაჭერა და ჩვენ ამომრჩევლებთან გვექნება კომუნიკაცია, რომ დიახ, ჩვენ სხვადასხვა პარტიებში ვართ, ამიტომ კონკურენტები ვართ ერთმანეთის პროპორციულ არჩევნებში, მაგრამ იმ ოლქებში, რომელიც დარჩა მაჟორიტარულად ცოტა ოლქი, საკვანძო საკითხია, რომ ივანიშვილის რეჟიმი პირველივე ტურში დამარცხდეს და ოპოზიცია ძლიერად იყოს წარმოდგენილი, რომ ქვეყანა დავიცვათ რისკებისგან. ამიტომ, ორივე კანდიდატს ვუჭერთ მხარს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება იქნება მაგალითი იმის, როგორ უნდა იაროს ქვეყანამ წინ, როცა არის დემოკრატია და აზრთა სხვადასხვაობა და მწვავე კამათი, მაგრამ როცა საქმეს სჭირდება, ხერხდება გონივრული კომპრომისები,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დასახელებულ კანდიდატებს მხარს უჭერს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეს არის თანამშრომლობა იმისათვის, რომ "ქართულმა ოცნება“ არჩევნებში დამარცხდეს. 

"ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება მართლაც თანამშრომლობა იმისათვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლოს ვერც ერთი მაჟორიტარული ოლქის მოგება მინიმუმ თბილისში. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად მთავარი, ამ კანდიდატებს ჩვენ დავუჭერთ მხარს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მაჟორიტარული ოლქები ოპოზიციამ დააკომპლექტა. 8-ვე ოლქში ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი იბრძოლებს. ორ ვაკანტურ ადგილზე საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში შეთანხმებას დღეს მიაღწიეს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილებმა, მხარდაჭერა ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ჯაფარიძეს გამოუცხადეს.  

დღის ამბები