ოპოზიციური ლიდერების მიერ მიღებულ დეკლარაციას გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდში. საუბარია დოკუმენტზე, რაც გულისხმობს, რომ ოპოზიციური პარტიები დეკლარაციაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობას იღებენ, რომ არჩევნებზე დაიცავენ არა მხოლოდ საკუთარი პარტიის ხმებს, არამედ იმ პოლიტიკური ძალების ხმებს, რომლებმაც დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიცია დეკლარაციის მიღებით ცდილობს შექმნას განწყობა, რომ არჩევნებზე ხმები დაცული არ არის. გია ვოლსკი ამბობს, რომ საზოგადოებაში ეს განცდა არ არსებობს.
"იმის აქტუალიზაციას ცდილობენ, ვითომ ხმები აქვთ დასაცავი და ვითომ საზოგადოებას აქვს ის განცდა, რომ შეიძლება რაიმე არასწორად, რაიმე დარღვევებით ჩატარდეს არჩევნები. არ აქვს საზოგადოებას ესეთი განცდა. ვფიქრობ, რომ დეკლარაციას თავისი მიზანი აქვს. ეს არის ძალთა გაერთიანება იმ შემთხვევისთვის, თუკი ექნათ რესურსი რაიმე დესტრუქციული პროცესების განსავითარებლად. ეს არის ამ დეკლარაციის არსი," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ხმების დაცვის დეკლარაციას. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც ისინი თანხმდებიან, რომ არჩევნებში ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.