პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, "გირჩი" თბილისის გარეთ რამდენიმე ოლქში მაჟორიტარების დაყენებას გეგმავს.
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ კანდიდატი ეყოლათ გურიაში, ასევე არ არის გამორიცხული, კანდიდატი დაასახელონ ხაშურშიც.
"თბილისის გარეთ სხვა ოლქებს რაც შეეხება, ჯერჯერობით, ესეთი სიტუაციაა, რომ ერთიანი კანდიდატების შეთანხმება ვერ ხდება. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა საჯაროდ გამოცხადებული გირჩის შიგნით, თუ ვინ იქნებოდა მსურველები და რომელ ოლქში და რამდენიმე ოლქში, სავარაუდოდ, გირჩი დააყენებს მაჟორიტარებს თბილისს გარეთაც. მაგალითად, გურიაში ვიცით, რომ დავაყენებთ, დიდი შანსია რომ დავაყენოთ ხაშურში. ყველა ოლქში არა ცხადია, მაგრამ რამდენიმე ოლქი იქნება, სადაც დავაყენებთ,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძე იმ შეთანხმების შესახებ საუბრობს, რომელიც ოპოზიციონერმა ლიდერებმა მიიღეს. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ხმების დაცვას გულისხმობს.
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დოკუმენტში გარკვეული მექანიზმებია შესატანი და მას ამის შემდგომ მოეწერება ხელი.
„ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა დღეს ტექსტის შეჯერება იყო და გავასაჯაროეთ. უფრო დასახვეწია და კონკრეტული მექანიზმებია ჩასადები, თუ როგორ გავაკეთებთ ამას. საუბარია ხმების დაცვაზე, რომ არ მოხდეს გაყალბება და შეთანხმება დაიდება ბევრ ოპოზიციურ პარტიას შორის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ დავიცავთ ხმებს. ანუ, თუ იქნება საარჩევნო უბნები, სადაც მაგალითად გირჩს ეყოლება წარმომადგენელი და სხვა პარტიებს არა, გირჩი აიღებს ვალდებულებას, რომ ჩვენ დავიცვათ ყველას ხმები და შესაბამისად, თუ იქნება ისეთი უბანი, სადაც გირჩს არ ეყოლება წარმომადგენელი და ეყოლებათ სხვა პარტიებს, სხვა პარტიები აიღებენ ვალდებულებას რომ დაიცვან ჩვენი ხმებიც, ისევე როგორც ყველას ხმები,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის განცხადებასაც ეხმაურება. საუბარია ნიკა მელიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს მხარს უჭერს, თუმცა საბურთალოს ოლქში დასახელებულ კანდიდატს არ დააყენებენ.
„შეთანხმება პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ერთმანეთს არ ვუყენებთ კონკურენტებს და გირჩიც არის ამ შეთანხმების ნაწილი. არსად თბილისში ჩვენ ოპოზიციას არ დავუყენებთ კანდიდატს, სადაც შეთანხმებულია საერთო კანდიდატები,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.