ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ორ დეკლარაციაზე ხელის მოწერას არ აპირებს. ამის შესახებ პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან ”მოქალაქეები”, "დღის კურიერში" განაცხადა.
საუბარია ორ დოკუმენტზე, ერთის თანახმად, პარტიებმა ხელმოწერით უნდა დაადასტურონ რომ არჩევნების შემდეგ, "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე უარს იტყვიან, ხოლო მეორე გულისხმობს, რომ ოპოზიციური პარტიები დეკლარაციაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობას იღებენ, არჩევნებზე დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი პარტიის ხმები, არამედ იმ პოლიტიკური ძალების ხმები, რომლებმაც დეკლარაციას ხელს მოაწერენ.
ალეკო ელისაშვილი "ქართულ ოცნებასთან" რაიმე სახით კოალიციის შექმნას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ ამისთვის რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერა არ სჭირდება. მისი თქმით, მმართველი გუნდის ვერც ერთი წევრი მასთან კოალიციის შექმნის შესახებ განცხადებას ვერ გააკეთებს.
"სიტყვას ვამბობ მე, ალეკო ელისაშვილი და სიტყვას ვამბობთ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომ არ არსებობს ვარიანტი, რომლის გამოც ქართულ ოცნებას ჩვენ კოალიციას შევუკრავთ. ახლა არ ვარ ვალდებული, ვანო ჩხარტიშვილის სიძეს და პუტინის ღია აგენტურას კვერი ვუკრა და მათთან ერთად სადღაც ღონისძიებებში მონაწილეობა მივიღო. ვამბობ, რომ არ შევუკრავთ კოალიციას, რა არის მნიშვნელოვანი, რაღაც ფურცელს ხელი მოვაწერო ვიღაც ხალხთან ერთად ხშირ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელთან... გია ვოლსკის და "ქართული ოცნების" დეპუტატებს არ უსმენდით? ვოლსკი ვერ გაბედავს ჩემი გვარის ხსენებას, მაგრამ ვისი გვარები ახსენა? "პატრიოტთა ალიანსის" და ბოკერიას პარტიის. აბა გაბედოს "ქართული ოცნების" რომელიმე ლიდერმა თქვას, რომ ელისაშვილი შეგვიკრავს კოალიციასო და მიიღებენ იმ წამს პასუხს.“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.