მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, თუმცა, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები გამოწვევად რჩება - ამის შესახებ არის საუბარი "ენდიაის" ახალ ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას უკავშირდება.
დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროგრამები უნდა წარმოადგინონ და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათაშორის თანამშრომლობას ან პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს.
ოპოზიცია ყველაზე დიდ აქცენტს ამ ანგარიშის იმ ნაწილზე აკეთებს, სადაც საუბარია, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად საჭიროა პოლიტიკური ნება, თუმცა NDI-ში ამ პოლიტიკურ ნებაზე საუბრობენ, როგორც ხელისუფლების კონტექსტში, ისე ოპოზიციის კონტექსტშიც.
გარდა ამისა ხაზს უსვამენ იმასაც, რომ NDI-მდე მსგავსი შენიშვნები და რეკომენდაციები ეუთო/ოდირი-ს დასკვნაშიც იყო, თუმცა როგორც ოპოზიცია ამბობს, ეს მაშინ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და ისინი ელოდებიან მათგან იმ მეთოდებით ბრძოლას რა მეთოდითაც მათი თქმით, ისინი წინა არჩევნებზეც იბრძოდნენ და რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს, შესაბამისად, ისინი უფრო მეტ საფრთხეს ხელისუფლებისგან ელოდებიან მას შემდგომ, რაც წინასაარჩევნო კამპანია კიდევ უფრო მეტად გახურდება.
"ეს არ არის მხოლოდ NDI-ს რეკომენდაციები და დაახლოებით იგივე რეკომენდაციები ჰქონდა ეუთო-ს სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებს, ისევე როგორც ქართულ დამკვირვებლებს. სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა არც ერთი აქედან რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. არც გვაქვს დიდი იმედი, რომ რაიმეს გაითვალისწინებს, თუმცა ეს ყველაფერი მას არ დაეხმარება," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.
ამის მიუხედავად, ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ამ ვითარებაში ეკისრება იმ ძალას, რომლის ხელთაც არის გავლენის ბერკეტები, რესურსები, შესაბამისად ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ გონივრულ ნაბიჯებს ელიან.
"გუშინ იყო, რომ ჩვენს ოფისს თავს დაესხა, ვიღაც პოლიცია მოვიდა და არც არაფერს გამოიძიებენ ახლა ხო?! დოკუმენტი შესულია. ეს არის ის გარემო, რომელშიც ახლა ფეხს იკრებს საარჩევნო კამპანია და რითაც იწყებს როგორც ჩანს „ქართული ოცნება“, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ გადაკეტოს ჩვენი საქმიანობის არეალი, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ
გიორგი ვაშაძემ.
როგორც "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, თუკი ხელისუფლება რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ოპოზიცია ვერანაირ არეულობას ორგანიზაბას ვერ გაუკეთებს.
"თუ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს, რაც NDI-ს დასკვნაშიც წერია, რაც ეუთო-ს და ოდირი-ს რეკომენდაციაში წერია, რაც ჩვენი მოთხოვნაც არის, რომ სადავო უბნები გადამოწმდეს, ვერანაირ არეულობას ოპოზიცია ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუკეთებს ორგანიზებას. ასე, რომ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული გაითვალისწინებს თუ არა იმ რეკომენდაციებს, რაც მოდის პარტიებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორებისაგან," - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ
ნინო ბურჯანაძემ.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ პოლიტიკური ნების გარეშე ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით წინა თვეებში მიღებული რიგი ცვლილებები არანაირი ეფექტის მატარებელი არ იქნება.
"მკაფიოდ ვისმენთ, რომ თუ კი პოლიტიკური ნება არ იქნება ადგილზე წინა თვეებში მიღებული რიგი ცვლილებები არ იქნება არანაირი ეფექტის მატარებელი ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კვლევის თანახმად, დღემდე, კვლავ არსებობს პრობლემური მიმართულებები, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, როგორიცაა სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაცია, წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად, 28 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. NDI-ის ანგარიშში 30 რეკომენდაციასაც გასცემს.