"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით პოლიტიკური ქულების დაწერაში ადანაშაულებს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტია მოქალაქეებს 18 წლამდე ბავშვების დახმარების მიღების რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობს. "ქართულ ოცნებაში "ამბობენ, რომ ასეთი დახმარების გაწევის საჭიროება არ არსებობს, რადგან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მუნიციპალურ სამსახურებს მიმართონ.
"ერთნაირად ამორალურია ფიზიკური პირების მიერ ფულის შოვნის გადაწყვეტილება ამ პირების მიერ ამ თემასთან დაკავშირებით და ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მერე ამ საკითხით რაღაცნაირად პოლიტიკური ქულების დაწერა. არანაირად საჭიროება ამისი არ არის იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებს აქვთ სპეციალური დავალება, თუ ამისი საჭიროება იქნება, ისინი დაეხმარონ და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, მერიებში, მიმართონ სოფლებში სოფლის რწმუნებულებს, ისინი მიეხმარებიან, თუ რამე შეფერხება არის და მოწოდებულები არიან, რომ თითოეულ ადამიანს, რაიმე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, გაუწიონ სრულყოფილი დახმარება," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო მდივანი თამილა ბარკალაია ამბობს, რომ გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები ამ პროცესის პოლიტიზირებას ცდილობენ, თუმცა მმართველ გუნდში სურთ, რომ პროცესი სრულიად აპოლიტიკური იყოს.
"ჩვენი ყველა ტერიტორიული ერთეული, ასეთი 70 არის საქართველოს მასშტაბით, მზად არის, რომ უსასყიდლოდ და ყველანაირად დაეხმარონ იმ ოჯახებს, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი ონლაინრეგისტრაციის პორტალზე. არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც სთავაზობენ ფასიან მომსახურეობას ონლაინრეგისტრაციაზე და მინდა გავაფრთხილო თითოეული მათთაგანი, რომ ეს არის კრიმინალი.
ასევე, ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზირებას და გვინდა, სრულიად აპოლიტიკური იყოს ეს პროცესი. ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისათვის შეთავაზებული დახმარება," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი თამილა ბარკალაია.