17 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება - პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ოპოზიციური პარტიის მიერ მოქალაქეებს 18 წლამდე ბავშვების 200 ლარიანი დახმარების მიღების რეგისტრაციაში დახმარების შეთავაზებებზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობას მოქალაქეებთან შუამავლები არ სჭირდება და აღნიშნულ ქმედებაში გარდა მორალურისა, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემაც გამოიკვეთოს.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 17 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარების პროგრამაში დასარეგისტრირებლად მოქალაქეს შეუძლია სახელმწიფო ორგანოს, სოციალური სააგენტოებს, "ლიბერთი ბანკს", ან ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაწესებულებას ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მიმართოს.

17 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების მისაღებად განცხადებები მიღება 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან.

"ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით. გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლისგანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ფინანსურ და ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკურ სარგებელსაც ცდილობენ რომ მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნის.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა შეიძლება სამართლებრივი პრობლემაც იყოს ფიზიკური პირების შემთხვევაში და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა ვუთხრა ხაზგასმით, რომ განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი გააჩნიათ, ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, სოციალური სააგენტოები, "ლიბერთი ბანკი", ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე  მიეხმარება სწრაფად და მაქსიმალურად, რომ ეს განაცხადები შეავსონ.

განცხადებების მიღება გაგრძელდება 1 დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარებების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან.

ეს დახმარებია მივა ყველა იმ ოჯახამდე და ადამიანამდე, რომელიც თვლის, რომ მას ეს დახმარება სჭირდება და შესაბამის განაცხადს გააკეთებს.

იმედი მაქვს, რომ მსგავსი მორალური პრობლემები, როდესაც ბავშვებისთვის განკუთვნილ სარგებელს ვიღაცები ცდილობენ, პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ, ჩვენ აღარ შევხვდებით," - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

დღის ამბები