ოპოზიციური გაერთიანების მასპინძელი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ თუკი ფორსმაჟორი არ არის, მაშინ ცვლილებები შეთანხმებაში არ უნდა განხორციელდეს. საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ისნის რაიონში გიორგი ვაშაძესთვის კონკურენტის შესაძლო დაყენების საკითხს.
"ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი, საერთო გადაწყვეტილებას არ შეცვლის. 30-ზე მეტი პოლიტიკური პარტიისგან მიღებული გადაწყვეტილებები არ შეიძლება რაიმე რევიზიას დაექვემდებაროს, თუკი არ მოხდა რაიმე სტიქიური ან ფორსმაჟორული სიტუაცია. ჩვენი პატივისცემა საკუთარ გადაწყვეტილებებზე, ყველა პარტიისათვის მომავალი გამარჯვებების გარანტიაა. აზრები შესაძლოა მრავალნაირი გამოითქვას, მაგრამ ჩვენ ამაზე ნუ გავაკეთებთ დასკვნებს," - აღნიშნავს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებას, ის მიიჩნევს, რომ თუკი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მართლაც მიიღო ვაშაძესთვის საკუთარი კანდიდატის დაპირისპირების გადაწყვეტილება, ეს შეთანხმებას საფრთხეს შეუქმნის.
"თუ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტს ამ შეთანხმებას საფრთხე შეუქმნას, ჩვენი პარტიის აზრით ეს შეცდომა იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა შეთანხმებების დარღვევის დრო არ არის. თუმცა, მანამდე, სანამ მათ ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და ისეთი რამე შევაფასო, რაც ჯერ არ მომხდარა,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.
"ლელოში" კი ამბობენ, რომ ისინი თავიდანვე დამოუკიდებელი მოთამაშეები იყვნენ და ახლაც არ სურთ ცალკეული ოპოზიცური ძალების დაპირისპირების დეტალებში შესვლა.
"ჩვენ არ ვიყავით და არ ვართ იმ ოპოზიცური მოლაპარაკებების მონაწილე, რომელიც მიზნად ისახავდა საერთო კანდიდატების დასახელებას. მე არ მინდა შიდა კულუარულ დაპირისპირებაში შევიდე, რომელიც შესაძლოა ოპოზიცური პარტიებს შორის არსებობდეს,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე.
შესაძლოა, გიორგი ვაშაძეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში კონკურენტი დაუყენოს. მას შემდეგ, რაც ვაშაძემ გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეუთანხმებლად დაიწყო მოქმედება, პარტიაში ფიქრობენ, რომ ის საერთო შეთანხმებას არღვევს. საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი.